საქართველოში ფულადი რეზერვი 102.0 მლნ ლარით შემცირდა

2020 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 102.0 მლნ ლარით (2.1 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.7 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის (სებ) აგვისტოს თვის მიმოხილვის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით გაყიდა 60 მლნ აშშ დოლარი. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა აგვისტოში 93.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები, დაახლოებით, 153.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
აგვისტოში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 101.9 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1,288.5 მლნ ლარს გაუტოლდა. საანგარიშო პერიოდში, განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები.
სებ-ის თანახმად, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 140.0 მლნ ლარით და 1,700 მლნ ლარი შეადგინა.
ერთთვიანი სესხი 310.0 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო ერთდღიანმა სესხმა 70 მლნ ლარით მოიმატა. მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი გაიზარდა 0.7 მლნ ლარით.
საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 379.1 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 1.854.2 მლნ ლარს გაუტოლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები