ლევან ნიკოლეიშვილი: ამ რეზოლუციებმა, რაღაც დადგენილებებმა, აქტებმა საერთოდ ფასი დაკარგეს ქართველი ხალხის თვალში

“ამ რეზოლუციებმა, რაღაც დადგენილებებმა, აქტებმა საერთოდ ფასი დაკარგეს ქართველი ხალხის თვალში ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხომ ვიცით როგორ ჩატარდა არჩევნები, ვიცით ვინ გაიმარჯვა, “- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შედეგებისა და პორტოს დეკლარაციის თანამდევი რეზოლუციების შეფასებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 40 პროცენტი მიიღო ოპოზიციამ და მიუხედავად ამისა, მათ უარი თქვეს თავიანთ მანდატებზე, პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთ ამომრჩეველს.

„საქმეც ისაა, რომ ერთის მხრივ, ჩვენ ვისმენთ გენერალური მდივნის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში არჩევნები მართლაც ნორმალურად ჩატარდა, 40 პროცენტი მიიღო ოპოზიციამ და მიუხედავად ამისა, მათ უარი თქვეს თავიანთ მანდატებზე, პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთ ამომრჩეველს. მათ არ სურთ რეალურად საპარლამენტო ცხოვრება, არ სურთ ნორმალური ცხოვრება, სტაბილურობა საქართველოში და მათმა მხარდამჭერებმა, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ხელით გაწიეს, ძალადობრივი გზით გაწიეს გენერალური მდივნის განცხადება და ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ, ისევ სცადეს ჯო უილსონის ერთგვარი მონაწილეობით, რაღაც ინიციატივით, აბსურდული რეზოლუციის მიღება, რომელმაც, შეიძლება ითქვას, კიდევ ერთხელ გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში დასავლეთის მიმართ საკმაოდ სერიოზული უნდობლობა.
ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ და ამას საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ნამდვილად ხედავს, ამ რეზოლუციებმა, ამ რაღაც დადგენილებებმა, აქტებმა საერთოდ ფასი დაკარგეს ქართველი ხალხის თვალში ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხომ ვიცით როგორ ჩატარდა არჩევნები, ვიცით ვინ გაიმარჯვა, რა რაოდენობის ადამიანებმა მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“, რა რაოდენობის ადამიანებმა მისცეს ხმა ოპოზიციას. როდესაც შენ დასავლეთიდან, ევროპიდან, გნებავთ შეერთებული შტატებიდან ვიღაც გაძალებს, რომ ეს ასე არ უნდა იყოს და უნდა იყოს ისე, როგორც მათ სურთ, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სამართლიან უნდობლობას იწვევს ასეთი ინსტიტუტების და ასეთი პოლიტიკანების მიმართ“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები