არჩილ გორდულაძე: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ან სრულად იმეორებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ კანონმდებლობას ან გაცილებით უფრო რბილია

„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ან სრულად იმეორებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ კანონმდებლობას ან გაცილებით უფრო რბილია,“- ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, ცალკეულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებიდან წამოსულ კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც 2023 წელს, 2024 წელს „გამჭვირვალობის კანონის“ განხილვის დროს გვხვდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება,ზუსტად იგივე ნარატივის გაგრძელება არის ახლა ჩვენი გუნდის მიერ ინიციირებულ და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობასთან, სხვადასხვა კანონებში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით.

„რა დემოკრატიულ უკუსვლაზე არის საუბარი, სასაცილოც კი არ არის. მეტი სიტყვები აღარ აქვთ უკვე ამ ადამიანებს და ორი მიმართულებით აკეთებენ აქცენტებს – ან რუსულს ამბობენ ან დემოკრატიულ უკუსვლაზე, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ან სრულად იმეორებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ კანონმდებლობას ან გაცილებით უფრო რბილია და გაცილებით უფრო ნაკლებ პასუხისმგებლობას იწვევს, ვიდრე ასევე, ამავე ქვეყნებში არსებული კანონმდებლობა. მაგრამ ამ ადამიანებს უნდათ, რომ შეაჩვიონ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი არიან თითქოს, რაღაც მდგომი ადამიანები, უფრო მაღალი კულტურის, უფრო დიდი ისტორიის და პიედესტალზე მდგომი ადამიანები და რაც მათ ქვეყანაში არის მისაღები, თურმე ჩვენს ქვეყანაში არ შეიძლება მიღებული იყოს, მათ შორის არც საკანონმდებლო ცვლილებები. აი, ამ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს სხვადასხვა სახელი და გვარი ადამიანები გინდა უცხოეთში და მერე ამ ყველაფერს იმეორებენ ჩვენს ქვეყანაში, გარედან დაფინანსებული და დავალება მიღებული აგენტურის წარმომადგენლები.
ერთი არის ფაქტი, რომ საქართველოში მიღებული კანონმდებლობა და მთელი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში „ქართულ ოცნების“ გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურება, რამდენიმე რამეს. ეს არის, რომ ჩარევები არ იყოს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, სიცრუე არ გავრცელდეს და რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ეკონომიკურ წინსვლაზე, ამავდროულად გაძლიერებული იყოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ადამიანებმა პასუხი აგონ თავიანთ ქმედებებზე. და არა ისე, როგორც უნდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ანარქია წარმოაჩინონ და თურმე მისაღები უნდა იყოს მაგალითად სამართალდამცველების შეურაცხყოფა, მათთვის ხელით შეხება, სხვადასხვა ნივთების სროლა. ეს ყველაფერი აკრძალულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფლორიდის შერიფი რა განცხადებებს აკეთებდა, როდესაც პოლიციელებზე თავდასხმები ხდებოდა. ჩვენი კანონმდებლობა გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუნდაც ევროკავშირს წევრ, რომელიმე ქვეყანაში. ზუსტად იგივე იყო მაგალითად საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან ვიდეო გადაღებებთან და ფოტო გადაღებებთან დაკავშირებით. არცერთ ქვეყანაში არ არ არის დაშვებული პირდაპირი ეთერში მაგალითად სასამართლოების გაშუქება. პირიქით, ევროპულ სასამართლოსაც კი აქვს ნამსჯელი, რომ მართლმსაჯულება უნდა იყოს მედიის გავლენისგან დაცული.

ეს ადამიანები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან ხოლმე მხილებას და ჩვენ არ დავიღლებით რა თქმა უნდა, რომ არც მათი ტყუილები ვამხილოთ და მით უმეტეს არ დავიღლებით საკანონმდებლო სივრცის ისეთ შემუშავებაში, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესშია.ზუსტად ასეთივე იყო მაგალითად, რაც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იყო მიღებული. ზუსტად იგივე იყო მაგალითად, არალეგალურ მიგრანტებთან დაკავშირებული ცვლილებები და არაერთი, რომელიც ერთი კუთხით ეკონომიკურ გაძლიერებას, სამუშაო ძალის შექმნას უწყობს ხელს და ამავდროულად ბრძოლას გარედან დაფინანსებული კამპანიების მიმართ, რომელსაც უბრალოდ თუ არ ვებრძოლეთ ჩვენ მომავალი არ გვექნება. ჩვენ თუ გვინდა, რომ გვქონდეს მომავალი, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე და ზუსტად ამისკენ იყო მიმართული მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები. ვინც საუბრობს დემოკრატიულ უკუსვლაზე ერთ რამეს ვურჩევდი, რომ პირი გამოირიცხოს. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი არც სიახლეებს არ ეცნობა, არც ინფორმაცია აქვს და ჰგონიათ, რომ საერთოდ აზროვნებაში პრობლემა აქვთ. სამწუხაროდ, აი, ასეთ უდიდეს შეურაცხყოფას აყენებენ ქართველებს და სწორედ ამიტომაც არის, რომ საერთოდ არ არის გასაკვირი ქართველი ხალხის დამოკიდებულება ევროსტრუქტურების მიმართ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები