გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესს გორის მე-3 საჯარო სკოლაში გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საგამოცდო პროცესს ამჯერად, ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლაში გაეცნო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ ნინო წერეთელთან ერთად, საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა.

„მეორე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი, ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.

დღეს ვიმყოფებით გორის საგამოცდო ცენტრში და მოხარული ვარ, რომ ვხედავ გაღიმებულ, თავდაჯერებულ აბიტურიენტებს, რომლებიც საკუთარი შრომით მოვიდნენ დღევანდელ დღემდე და აქ, ამ სივრცეში საკუთარი ცოდნის წარმოჩენის საშუალება მიეცათ.

მაქვს შესაძლებლობა, პირადად შევეგებო ახალგაზრდებს, გავამხნეო ისინი და ვუსურვო წარმატებები. აქვე მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მიმართ, ვინც ამ პროცესში არის და იყო ჩართული. ასევე, ყველა უწყების წარმომადგენლის მიმართ, რომელთა ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი ასეთი მაღალი სტანდარტით ვერ განხორციელდებოდა.

დარწმუნებული ვარ, ის გარემო, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებს ახვედრებს, იძლევა შესაძლებლობას, რომ თითოეულმა აბიტურიენტმა თავისუფლად, ლაღად იგრძნოს თავი, გამოამჟღავნოს ცოდნა, ნიჭიერება და სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დამსახურებული ადგილი მოიპოვოს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.

3 და 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ხუთმა აბიტურიენტმა. 5 ივლისს გამოქვეყნდება გამოცდაზე გამოყენებული ტესტები. 7 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხოური ენების გამოცდით გაგრძელდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 21-22 ივლისს ჩააბარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები