კახა კახიშვილი, თემატური ჯგუფების პროგრამის ფარგლებში, იუნკერთა პოლიკლინიკის მედპერსონალს შეხვდა
„ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კახიშვილი, თემატური ჯგუფების პროგრამის ფარგლებში, იუნკერთა პოლიკლინიკის მედპერსონალს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია კახიშვილის ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” ვრცელდება.
როგორც კახა კახიშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელთა წინაშეც დგას პოლიკლინიკის მედპერსონალი და აღნიშნული საკითხების გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს.
„თემატური ჯგუფები ჩემი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული ინიციატივაა, რომელიც გამგეობისა და მაჟორიტარის ბიუროს მუშაობის გამჭვირვალობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის განმსაზღვრელი ორგანო იქნება.
შეხვედრაზე განვიხილეთ მრავალი საკითხი და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც პოლიკლინიკის მედპერსონალი დგას. არის საკითხები, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს და ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ექიმების სამუშაო გარემო. მინდა, სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, კოვიდ პანდემიასთან ბრძოლისთვის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა”, – აცხადებს კახიშვილი.