“რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის უსაფრთხოების მხარდაჭერას” – პუტინი ბჟანიას “გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს” ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აფხაზ “კოლეგას”, ასლან ბჟანიას ე.წ. რესპუბლიკის “გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს” ულოცავს და აღნიშნავს, რომ “აფხაზმა ხალხმა რთული ბრძოლის შედეგად მოიპოვა თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების უფლება”.

“რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით ვითარდება. დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა სფეროში ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გამტკიცება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების ფუნდამენტურ ინტერესებს პასუხობს.

მსურს, დავადასტურო, რომ რუსეთი მომავალშიც გეგმავს აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში, ასევე, მის მხარდაჭერას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით”, – ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში.

ოკუპირებული აფხაზეთი “აფხაზეთის 1992-1993 წლის ომის” 27 წლისთავს აღნიშნავენ. სწორედ 1993 წლის 30 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა ენგურის ხიდზე, ომში “გამარჯვების” ნიშნად, ე.წ.სახელმწიფო დროშა აღმართეს.

2008 წლის 26 აგვისტოს კი, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შედეგად, რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა – დიმიტრი მედვედევმა, საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ.დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო და მათთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.

რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, აფხაზეთში სამხედრო ბაზა განათავსა და, მარიონეტულ რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების საფუძველზე, მათი უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები