ირაკლი სესიაშვილი: დღეს მარნეულის ჩვენი შტაბის სპეციალისტს აედევნენ და სცემეს – ეჭვია, რომ ამ ყველაფერში ოპონენტების ხელი ურევია

“დღეს, დილას მარნეულის ჩვენი შტაბის საარჩევნო სპეციალისტი მარნეულის მიმართულებით გადაადგილდებოდა, აედევნენ, დააჯახეს უკანა მხრიდან მანქანა, გადმოვიდნენ და მიზეზის გარეშე უმოწყალოდ სცემეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზეა მისული.

მისი თქმით, ეჭვია, რომ ამ ყველაფერში პოლიტიკური ოპონენტების ხელი ურევია.

​„ამ ყველაფრის უკან ვხედავთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რადგან მათი მიზანი არის იმ მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს იმიჯის შელახვა, რომლის ფარგლებში მათ არანაირი პოლიტიკური მომავლის შანსი არ აქვთ. ამაზე არის გათვლა, მათ უნდათ, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი, მშვიდობიანი გარემოს იმიჯი, მუხანათური და ლაჩრული თავდასხმებით მოახდინონ ზეწოლა და ზეგავლენა.

ამაზე უმკაცრესი რეაგირება იქნება სახელმწიფოს. ჩვენ კვლავ ვრჩებით მშვიდობიანი, თავისუფალი საარჩევნო გარემოს სადარაჯოზე. რაც შეეხება იმათ, ვისაც წარსულში დაბრუნება უნდათ, მათ პასუხი გაეცემათ როგორც არჩვენების დღეს, ასევე, ასეთი ლაჩრული ქმედებების გამო მათ სამართალდამცველები უმკაცრეს პასუხს გაცემენ“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ცნობისთვის, მარნეულში, „ქართული ოცნების“ შტაბის წევრ თემურ შუბითიძეს თავს დაესხნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები