სოხუმი ნატო-ს კეთილგონიერებისკენ მოუწოდებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევისკენ მოუწოდა.
ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ ალიანსის გენერალური მდივნის მსგავსი განცხადებები “აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსს ვერ შეცვლის, ვერც რუსეთ-აფხაზეთის სტრატეგიულ პარტნიორობას შეუშლის ხელს”.
აფხაზეთის ე.წ. საგარეოპოლიტიკურ უწყებაში ყურადღება სტოლტენბერგის განცხადებაზე გაამახვილეს, რომელმაც ალიანსში საქართველოს მიღების პროცესის დაჩქარებაზეც ისაუბრა.
“აფხაზეთის რესპუბლიკაში საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს თბილისის სამხედრო ამბიციების ღია წახალისება, კავკასიის რეგიონში დაძაბულობის მატების ფონზე. ნატო-ს ხელმძღვანელობა ან თვალს ხუჭავს სამხრეთ კავკასიაში დღეს მიმდინარე პროცესებზე, ან შეგნებულად თამაშობს ვითარების გამწვავებაზე”, – აღინიშნება განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს ხელმძღვანელობას მოუწოდებს “კეთილგონიერება გამოიჩინოს და ისეთი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოს, რომლებიც სამხედრო ისტერიის მძიმე ატმოსფეროს ქმნის”.