გელა სამხარაული: წელს რეკორდულ მოსავალს – დაახლოებით, 300 ათას ტონა ყურძენს ველოდებით
“წელს რეკორდულ მოსავალს – დაახლოებით, 300 ათას ტონა ყურძენს ველოდებით”, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გელა სამხარაულმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სამხარაულმა რთველის მიმდინარეობის თაობაზე ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული დეზინფორმაციების საპასუხოდ კონკრეტულ ფაქტები და ინფორმაცია წარმოადგინა.
„საქართველოში, კახეთის რეგიონში რთველი მიმდინარეობს და მისი ორგანიზებულად წარმართვის მიზნით შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც ჩართულები არიან როგორც სამინისტროს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. წელს რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით 300 ათასს ტონა ყურძენს ველოდებით. აქამდე, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი შედეგი არ გვქონია და შესაბამისად, სამუშაო და გასატარებელი ღონისძიებებიც მომატებულია, რაც ზედმეტ ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამ ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ, რომ ასევე რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განვახორციელეთ და გასულ წელს დაახლოებით 94 მილიონი ბოთლი გავიტანეთ. კოვიდ ინფექციის პანდემიის გამო იცით რა მდგომარეობაშია ახლა მთელი მსოფლიო და ჩვენც ანალოგიურ ვითარებაში ვართ როგორც სხვა ქვეყნები. შეიცვალა ეკონომიკური ურთიერთობები, განწყობები, მოლოდინები და ამან გარკვეული გავლენა მოახდინა ჩვენი ღვინის ექსპორტსა და რეალიზაციაზე. გავლენას ახდენს ასევე ტურისტის და ვიზიტორის ნაკლებობა, რამაც შიდა ბაზარზე რეალიზაციის კლება გამოიწვია და ამიტომ ქარხნებს ღვინის დიდი მარაგი აქვთ შემორჩენილი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იქნება დროებითი და ამ სიტუაციის გამკლავებას მოვახერხებთ”, – განაცხადა გელა სამხარაულმა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურძნის მოსავლის აღების შედეგებსა და ღვინის რეალიზაციის კუთხით ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით დღეისათვის ყურძნის მოსავლის აღება 6-ჯერ არის გაზრდილი.
„წინა ხელისულების დროს ინდუსტრიულად ყურძნის გადამუშავების მაქსიმალური რაოდენობა 52 ათასი ტონა იყო. ესეც იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ როგორც ოპოზიციური ძალა წინასაარჩევნო პროცესში ვიყავით ჩართულნი და სუფსიდიის გაზრდა იყო თუ გლეხებზე და მევენახეებზე დაპირებების გაცემა, სწორედ ჩვენს საპირწონედ ხდებოდა, თორემ მანამდე დაახლოებით 20-40 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა ინდუსტრიულად გადამუშავებული ყურძნის მოცულობა და სუფსიდიის თანხა არასდროს არ აღემატებოდა 15 თეთრს. 6-ჯერ არის გაზრდილი მხოლოდ ყურძნის აღების რაოდენობა და ეს სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგია. უამრავი პროგრამა და მიმართულება განვავითარეთ, თუნდაც შეღავათიანი კრედიტები, შემოვიღეთ აგრო დაზღვევა, მელიორაციის და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები, ხდება ახალი საწარმოების გადაიარაღება, კოოპერატიული მეურნეობების შექმნა და გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი. დღეისათვის 54 ქვეყანაში გაგვაქვს ღვინის პროდუქცია და ამიტომ მინდა ყველას მადლობა გადაუხადო ვინც დღემდე ჩართულია ამ დარგის განვითარებაში”, – აღნიშნა გელა სამხარაულმა.