სელფის პირველი მუზეუმი საქართველოში – უნიკალური სივრცე მათთვის, ვისაც ფოტოების გადაღება უყვარს ან უნდა, რომ შეუყვარდეს

საქართველოში სელფის პირველმა მუზეუმმა პირველი სტუმრები 25 ივლისს მიიღო. მას შემდეგ პანდემიის ფონზე ცდილობს, ყოველდღიურობის შავ-თეთრი რუტინა ფერადი შეგრძნებებით გაარღვიოს და ადამიანებს 1 სასიამოვნო დღე აჩუქოს – დღე, რომელიც არასდროს უნდა დაგავიწყდეს და რომლის ყოველ წუთსაც ფოტოზე აღბეჭდავ.

მოკლედ, ამბავი ასეთია: ამერიკაში მცხოვრებმა ლაშა კვანტალიანმა გადაწყვიტა, გაეხსნა საქართველოში სელფის მუზეუმი, რომელსაც აშშ-ში ბევრგან შეხვდებით. იდეის ხორცშესხმისთვის მზადება ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყეს და 2020 წლის აპრილისთვის ყველაფერი დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ალბათ უკვე მიხვდებოდით, ჰორიზონტზე კორონავირუსი გამოჩნდა… „ბევრი იწვალეს თუ ცოტა იწვალეს“, მაინც გარისკეს, ყველაფერი ნულიდან დაიწყეს და მარჯანიშვილის N19-ში მდებარე მოძველებული ინტერიერის შენობა თანამედროვე მუზეუმად აქციეს. პანდემიისა და საწყისი ორი თვის გათვალისწინებით, ასობით სტუმარს უკვე უმასპინძლეს და მზად არიან, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, ათასობით ვიზიტორს უმასპინძლონ.

ჰოდა კიდევ, საქართველოს სელფის მუზეუმი 600 კვ.მ-ს და 30 განსხვავებულ პავილიონს მოიცავს, რაც, სელფის მსოფლიო მუზეუმების მასშტაბით, მას ერთ-ერთ უდიდესად აქცევს. ასე რომ, ყოველდღე, გარდა ორშაბათისა, დილის 11-დან საღამოს 9-მდე თქვენ თავად შეგიძლიათ, პირადად შეამოწმოთ ის, რაზეც ახლა სელფის მუზეუმის მარკეტინგის მენეჯერი, თამო თელია მოგიყვებათ.

კვირაში ორჯერ გათამაშებას თუ დაელოდებით და სოციალურ ქსელებში მუზეუმის ოფიციალურ გვერდს „ჩაუჯდებით“, შესაძლოა, უფასო ბილეთსაც კი გამოჰკრათ ხელი.

თამო თელია – სელფის მუზეუმის მარკეტინგის მენეჯერი

-რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში სელფის მუზეუმის გახსნა და რა არის მისი მთავარი მიზანი?

-ჩვენს არ ვართ განებივრებული მსგავსი ტიპის სივრცეებით, რომლებიც ინტერაქციული, სახალისო და ფერადია – სივრცეებით, სადაც განსხვავებული ადამიანები დროს ძალიან სასიამოვნოდ ატარებენ. ჩვენი მიზანია, სტუმრებს ფერადი, სახალისო განწყობა შევუქმნათ და შინ ბევრი დადებითი ემოცია გავატანოთ. ადამიანების უმრავლესობას ძალიან უყვარს საინტერესო გარემოში ყოფნა და ფოტოების გადაღება. ამით ჩვენ მათ საშუალება მივეცით, გადაიღონ განსხვავებული ფოტოები, გაალამაზონ თავიანთი პროფილები სოციალურ ქსელებში და მიიღონ უამრავი დადებითი ემოცია.

სელფის მუზეუმში 30 განსხვავებული თემატიკის კუთხეა, სადაც ფოტოს გადაღება ყველა მსურველს შეუძლია.

-როგორ ფუნქციონირებს მუზეუმი პანდემიის პირობებში?

-მუზეუმის გახსნის დღიდან ჩვენ მკაცრად ვიცავთ ყველა შესაბამის რეკომენდაციას და ვიზიტორებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ვზრუნავთ. თითოეული მომხმარებელი შემოსვლამდე დეზობარიერს გადის და თერმოსკრინინგით კონტროლდება. შესვლამდე სტუმრებს სადეზინფექციო ხსნარებით ვუმუშავებთ ხელებს. სპეციალური ხსნარებით ვამუშავებთ, აგრეთვე, დეკორაციებსაც. რასაკვირველია, აუცილებელია პირბადის ტარება, რომელსაც ვიზიტორები მხოლოდ ფოტოს გადაღებისას იხსნიან. მნიშვნელოვანი დადებითი მხარეა მუზეუმის დიდი ფართი, რაც დისტანციის უკეთ დაცვის საშუალებას გვაძლევს.

რაც მთავარია, ყველა ეს შეზღუდვა არ უშლის ხელს მუზეუმს, შეასრულოს საკუთარი ფუნქცია და სტუმარს სასიამოვნო ემოციები მიანიჭოს.

-როგორ გაწყობაზე აყენებს მუზეუმი მნახველებს და საინტერესოა, ხომ არ გამოიკვეთა განსაკუთრებით პოპულარული პავილიონი, სადაც, სტატისტიკურად, ყველაზე მეტად სურთ სტუმრებს ფოტოების გადაღება?

-არ მინდა, სუბიექტური მოგეჩვენოთ, თუმცა, მათი რეაქციები, ძირითადად, მოლოდინს აჭარბებს. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მუზეუმში შემოსვლამდე ადამიანები სხვა განწყობით არიან და არ ელოდებიან, რომ იქ ისეთი სივრცე დახვდებათ, რომელიც მათ განწყობას რადიკალურად შეცვლის უკეთესობისკენ. შესაბამისად, გამოსვლისას გაცილებით დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არიან ხოლმე. ერთ-ერთმა მომხმარებელმა გვითხრა კიდეც, რომ ქალაქში ასეთი ფერადი და სახალისო სივრცე არ არსებობს.

რაც შეეხება პოპულარულ პავილიონებს, სტუმრები ყველაზე ხშირად მონეტების აბაზანას აკითხავენ. საკმაოდ ხშირად იღებენ ფოტოებს +18 ოთახშიც. ბავშვებისთვის კი ყველაზე სასურველი სივრცე ბურთების აუზია. მუზეუმი შინაარსობრივად და თემატურად ძალიან მრავალფეროვანია. აქ საკუთარ სივრცეს ნებისმიერი ადამიანი იპოვის მიუხედავად ასაკისა, სქესისა და გემოვნებისა.

-დათვალიერებისა და ფოტოების საკუთარი ხელით გადაღების გარდა, შესაძლებელია თუ არა ადგილზე პროფესიონალი ფოტოგრაფის მომსახურების ან რაიმე სხვა სერვისის მიღება?

-ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება სხვადასხვა პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელიც მომხმარებლებს მათთვის სასურველ კუთხეში პერსონალურ ფოტოსესიას მოუწყობს ისეთი შტრიხებით, როგორც თავად სურთ. ზოგს ფერადი და სახალისო ფოტოები მოსწონს, ზოგს ვინტაჟური ფოტოები, ზოგს –  შავ-თეთრი და ა.შ… გარდა ამისა, სამომავლოდ ბევრ სიახლეს ვგეგმავთ, რაც დეკორაციების განახლებასა და სერვისების გამრავლფეროვნებას გულისხმობს. ჯერ მხოლოდ 2 თვეა, რაც სტუმრების მიღება დავიწყეთ. ჩვენ ვსწავლობთ მათ სურვილებს, რათა მათი მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედოთ. პარალელურად, გვინდა, სიახლეები ჩვენი ხედვითაც შევთავაზოთ და ის მიმართულება განვავითაროთ, რომელიც მომხმარებლებს ყველაზე მეტად ენდომებათ.

-ვინ და რატომ უნდა ეწვიოს ამ მუზეუმს?

-მათთვის, ვისაც ფოტოს გადაღება უყვარს, სელფის მუზეუმი იდეალური ადგილია. არაერთი შემთხვევა გვქონია, როცა ჩვენთან ვიზიტის შემდეგ იმ ადამიანსაც კი შეყვარებია ფოტოების გადაღება, რომელიც ამას არასდროს აკეთებდა. ჩვენ მათ ვახვედრებთ ფერად, განსხვავებულ სივრცეებსა და პოზიტიურ გარემოს. შეუძლიათ, თითოეულ პავილიონში განსხვავებული ტანისამოსი მოირგონ, რაც მათი სტუმრობის შედეგს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმში შესვლის შემდეგ მომხმარებლები დროში შეზღუდულნი არ არიან და შეუძლიათ, იმდენი ხანი დაყონ აქ, რამდენიც თავად სურთ: გადაიღონ ფოტოები, შემდეგ იქვე ჩამოსხდნენ და საუკეთესოები ამოარჩიონ ან, თუ ენდომებათ, თავიდან გადაიღონ იქამდე, სანამ იდეალურ ვარიანტს არ მიაგნებენ.

გარდა ინდივიდური მომხმარებლებისა, ჩვენი სივრცის გამოყენება კომპანიებსაც შეუძლიათ: მოაწყონ თემატური ფოტოსესია ან საჩუქარი გაუკეთონ თანამშრომლებს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის და სიხარულით ველით სტუმრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები