სომხეთის საგარეო უწყება: არცახის მოსახლეობა იბრძვის თურქეთ-აზერბაიჯანის კავშირის წინააღმდეგ, თურქეთი სამხედრო მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობს
“თურქეთი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში აზერბაიჯანის მხარეს უშუალოდ მონაწილეობს”, – განცხადება სომხეთის საგარეოპოლიტიკურ უწყებაში გაკეთდა.
“აზერბაიჯანელებთან ერთად, გვერდიგვერდ თურქი სამხედრო სპეციალისტები იბრძვიან, რომლებიც თურქულ შეიარაღებას იყენებენ, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებსა და სამხედრო თვითმფრინავებს. წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთი უცხო ქვეყნის მებრძოლ-ტერორისტებს აგროვებს და მათ აზერბაიჯანში უშვებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, თურქეთმა აზერბაიჯანს სრულფასოვანი პოლიტიკური და პროპაგანდისტული მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ფაქტობრივად ისეთი ვითარება შეიქმნა, როდესაც არცახის მოსახლეობა იბრძვის თურქეთ-აზერბაიჯანის კავშირის წინააღმდეგ, რომელიც რეგიონების ხალხისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სომხეთი და ყარაბაღი მტკიცედ არიან განწყობილი, რომ აღნიშნულ კავშირს შეეწინააღმდეგონ და მათი განეიტრალება მოახდინონ. სომხეთი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის ავანტიურა ჩავარდება და აზერბაიჯანი იძულებული გახდება უარი თქვას, პრობლემა სამხედრო გზით გადაჭრას და იძულებული გახდება არცხახის მოსახლეობას ელაპარაკოს არა მძიმე ტექნიკის ენით, არამედ მოლაპარაკებათა მაგიდასთან”, – აღნიშნავს სომხეთის საგარეო უწყება.
დღეს, რუსეთში სომხეთის ელჩმა განაცხადა, რომ თურქეთმა ყარაბაღში სირიის ჩრდილოეთიდან 4 ათასი მებრძოლი გადაისროლა, თავის მხრივ თურქეთში აზერბაიჯანის ელჩმა განაცხადა, რომ სომხეთის მხარეს “ქურთთა მუშათა პარტიის” წევრები იბრძვიან.