ამირან სალუქვაძე: ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები, როგორც მინიმუმ, აისახება ეკონომიკურ აქტივობებზე მთელს რეგიონში, რაც ამ პანდემიის პირობებში საკმაოდ დამაზიანებელი იქნება

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები, როგორც მინიმუმ, აისახება ეკონომიკურ აქტივობებზე მთელ რეგიონში, რაც ამ პანდემიის პირობებში საკმაოდ დამაზიანებელი იქნება.

“ყარაბაღის შესახებ, დამატებით. ვინც თვალს ადევნებთ, იცით, რომ ყარაბაღში დღემდე განვითარებული გამწვავებების დროს, მათ შორის, 2016 წელს მკაფიო პროგნოზს ვაკეთებდი, რომ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში არ გადაიზრდებოდა. გუშინ დილით დავწერე, შემდეგ PIA-სთვის მიცემულ ინტერვიუში (ბმული იხილეთ ქვემოთ) ვისაუბრე, რომ ეს გამწვავება იქნებოდა წინამორბედებზე მძაფრი და ამ გამძაფრების მალე ჩაცხრობის მოლოდინი ნაკლებად მაქვს. დღე-ღამის განმავლობაში განვითარებული პროცესები მაფიქრებინებს გუშინდელი უარყოფითი პროგნოზის სისწორეს. ეს არაა ადრინდელივით შეტაკებები ურთიერთშეხების ზოლთან, არამედ სრულფასოვანი სამხედრო მოქმედებებია. ასეთი მასშტაბები 1994 წლის შემდეგ არ ყოფილა.

მხარეები ასახელებენ მოწინააღმდეგის მხრიდან ასობით დანაკარგების შესახებ დაღუპულთა სახით და ასევე ასობით დაჭრილებზე. მეათედიც რომ სიმართლე იყოს, ერთი დღე-ღამისთვის ბევრია. განადგურებული ტექნიკის ვიდეოკადრები ვრცელდება.

საერთაშორისო ძალისხმევა, ფაქტობრივად, ჯერ არ მიგრძნია, თუ არ ჩავთვლით გარე აქტორების სატელეფონო საუბრებს. მსოფლიოს სძინავს. საქართველოს ოფიციალური განცხადებები დროული და მართებულია.

ასეთი გამწვავებებისას თუ პირველივე დღეს არ განხორციელდა ეფექტიანი დიპლომატიური ნაბიჯები, შემდეგ ასეთი გამწვავების გაჩერება რთულია, რადგან იქ უკვე ომია და არა უბრალოდ  – ორმხრივი სროლები შეხების ზოლში. თუ ბოლო გამწვავებას გავიხსენებთ, პირველი საშიშროება, რაც შეიძლება ვიხილოთ, ესაა ეთნიკური დაპირისპირებები რუსეთში. სხვა ქვეყნებს არ ჩამოვთვლი და ნურც თქვენ განავრცობთ.

ხშირად მეკითხებიან, როგორ აისახება საქართველოზე? გუშინაც ინტერვიუში იყო ასეთი კითხვა.

ყოველთვის მომყავს ასეთი მაგალითი. როცა მეზობლის სახლი იწვის, როგორ აისახება შენს სახლზე (კორპუსში ბინაზე, მეზობელ სადარბაზოზე)? პასუხი ცხადია, ხომ?

როგორც მინიმუმ, აისახება ეკონომიკურ აქტივობებზე მთელს რეგიონში, რაც ამ პანდემიის პირობებში საკმაოდ დამაზიანებელი იქნება. ამავე დროს, არავინ იცის, როგორ ჩაერევიან გარე ძალები. თურქეთმა განაცხადა ყოველმხრივი მხარდაჭერის შესახებ. რუსეთი და კუხო (ОДКБ) სომხეთის მოკავშირეები არიან. მიუხედავად ნიკოლ პაშინიანისადმი არსებული უკმაყოფილებისა, რუსეთს მოუწევს პოზიციის დაფიქსირება და შესაძლოა, მეტიც (ვითარებიდან გამომდინარე).

ესაა საკმაოდ მოკრძალებული და რბილი შეფასებებია.

კოლეგებს, ასევე, ,,ფეისბუქის,, მომხმარებლებს მთელი სერიოზულობით მოვუწოდებ:

1. მოზომეთ ყოველი სიტყვა, რასაც დაწერთ ამ კონფლიქტისა და მეზობელი ქვეყნების შესახებ. ისე, ყოველთვის არაა საჭირო აზრის დაფიქსირება.

2. ნუ განავითარებთ საქართველოსთან დაკავშირებულ სცენარებს ღია სივრცეში. როგორ ფიქრობთ, ცოდნა არ მყოფნის ასეთი სცენარების დასაწერად, თუ ფანტაზია?

არ ვწერ. თქვენც ნუ დაწერთ. ყველაფერი არაა საჯაროდ სასაუბრო.

ვისაც სურს მოსაზრებების შეჯერება, შევიკრიბოთ და ვისაუბროთ.

ისღა დამრჩენია, იმედი გამოვთქვა, მოხერხდება მშვიდობის აღდგენა”, – წერს სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები