მსოფლიოში 11 მარტს გამოცხადებული კორონავრუსული პანდემიის მიუხედავად, რომელმაც 2020 წელი “გააჩერა”, 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მორიგი ისტორიული მოვლენა – საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
გარდა იმისა, რომ შტატების არჩევნები თავისი მახასიათებლებითა და პრინციპით საინტერესო და განსხვავებულია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები არასდროს არის მხოლოდ ლოკალური მოვლენა – მას საერთაშორისო პოლიტიკისთვის, ეკონომიკისთვის, სამხედრო სფეროსა და უამრავი სხვა დარგისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პარტია ხდება მმართველი ძალა აშშ-ში.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტისა და ქვეყნის 49-ე ვიცეპრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.
თუმცა, პანდემიური ვითარების გამო, ბევრ შტატში ხმის ფოსტით მიცემის პროცედურის გამოყენებას აპირებენ, რასაც მოქმედი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი – დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ამ გზით ხმების გაყალბების შანსი იზრდება, რითაც მისი მეტოქე – ჯო ბაიდენი ისარგებლებს. პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი, ჯო ბაიდენი კი, თავის მხრივ, ამბობს, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის დისკრედიტაციით ტრამპი ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ უბიძგებს.
მსგავსი “კინკლაობა” პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ნებისმიერ ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავია, მთავარია – რას გადაწყვეტს ამერიკელი ხალხი და ამომრჩეველთა კოლეგია.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატებში ხმის მიცემის სპეციფიკას, ის რამდენიმე საფეხურისგან შედგება.
როგორ ხდება კანდიდატთა დარეგისტრირება და ვინ ხვდება საბოლოოდ ბიულეტენში:
21 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნის ფედერალურ საარჩევნო პრეზიდენტობის კანდიდატად კომისიაში აშშ-ის 1202 მოქალაქეა რეგისტრირებული. თუმცა, ყველა მათგანის სახელი არ იქნება საარჩევნო ბიულეტენში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბიულეტენში ჩაწერილი იქნება დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენისა და რესპუბლიკელების კანდიდატის, დონალდ ტრამპის სახელები. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში, ძირითადად, ორი პარტია და ამავე პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები დომინირებენ, სხვა პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებსაც აქვთ შანსი, იბრძოლონ პრეზიდენტობისთვის. თითოეული შტატი ადგენს კრიტერიუმებს, მათი შტატის ამომრჩევლისთვის განკუთვნილ ბიულეტენებში კანდიდატები როგორ უნდა მოხვდნენ, რათა მათთვის ხმის მიცემა შეძლონ. ეს არის მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა შტატში მოსახლეობას ბიულეტენში ძირითად კანდიდატებთან ერთად ხვდება სხვა კანდიდატებიც, ეს არჩევანი კი შტატების მიხედვით განსხვავდება.
რა გზა უნდა გაიაროს აშშ-ის მოქალაქემ პრეზიდენტობამდე:
პირველ ყოვლისა, აუცილებელია, რომ პირი დაბადებული იყოს აშშ-ში, ბოლო 14 წელს ცხოვრობდეს აშშ-ის ტერიტორიაზე და იყოს, მინიმუმ, 35 წლის. თუ ის ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, შეუძლია, ბედი სცადოს. თუ პირს სურს პრეზიდენტობა, მან თავისი ღირებულებათა სისტემის მიხედვით უნდა აირჩიოს, რომელი პარტიაა მასთან ყველაზე ახლოს და ამ პარტიის სახელით იყაროს კენჭი. საქართველოსგან განსხვავებით, იქ თავად კანდიდატი ირჩევს პარტიას, ვისი სახელითაც სურს არჩევნებში მონაწილეობა – პარტიას ისღა დარჩენია, პატივი სცეს მის გადაწყვეტილებას.
პრაიმერისები და კოკუსები
ამის შემდეგ აშშ-ის ყველა შტატში კანდიდატები იწყებენ საარჩევნო კამპანიას, რათა მოიპოვონ სასურველი პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია, ანუ კანდიდატად ოფიციალურად დასახელების უფლება, პრაიმერებისა და კოკუსების საშუალებით. პრაიმერი იგივე წინასწარი არჩევნებია, სადაც კანდიდატები ცდილობენ, დააგროვონ იმ პარტიის მხარდამჭერთა ხმები, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატობასაც აპირებენ. მთელი შტატის მასშტაბით კონკრეტული პარტიის მხარდამჭერები მიდიან საარჩევნო უბნებზე და ანონიმურად, ბიულეტენებით ხმას აძლევენ მას, ვინც შემდეგ ამ პარტიის სახელით კენჭს იყრის პრეზიდენტის პოსტზე. კოკუსი, პრაიმერის მსგავსად, წინასწარი არჩევნებია, თუმცა, პრაიმერისგან განსხვავებულად ტარდება. კოკუსის დროს პარტიის წევრები იკრიბებიან და მსჯელობის შედეგად წყვეტენ, რომელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი. დღესდღეობით, კოკუსის გზით პრეზიდენტობის კანდიდატს ირჩევენ ალასკაში, კანზასში, სამხრეთ დაკოტაში, კოლორადოში, ჰავაიში, მინესოტაში, ნევადაში, ვაიმონიგსა და აიოვაში. კანდიდატის გამოვლენის ამავე მეთოდს იყენებენ ამერიკის ტერიტორიები – სამოა, გუამი და ვირჯინიის კუნძულები. რაც შეეხება დანარჩენ შტატებს – ისინი ან მხოლოდ პრაიმერის იყენებენ ან ორივეს ერთად.
მას შემდეგ, რაც პრაიმერებითა და კოკუსებით გამოვლინდებიან პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები, იმართება პარტიის ეროვნული ყრილობა, სადაც პრაიმერებსა და კოკუსებში გამარჯვებულს ოფიციალურად ასახელებენ საპრეზიდენტო კანდიდატად. ამავე დროს, ხდება ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენაც. სწორედ ამის შემდეგ ითვლებიან კონკრეტული პირები პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატებად და იწყებენ საპრეზიდენტო კამპანიას, მათ შორის, დებატებს, ამომრჩევლებთან შეხვედრებსა და ა.შ.
რა არის ამომრჩეველთა კოლეგია და ვინ შედის მასში
აშშ-ის მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევს. მართალია, ისინი ხმას აძლევენ კონკრეტულ, მათთვის სასურველ კანდიდატს, თუმცა, რეალურად, ისინი ირჩევენ ამომრჩეველთა კოლეგიას, რომელმაც შემდეგ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. ამომრჩეველთა კოლეგია არის აშშ-ის კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილი ორგანო, რომელიც შედგება 538 წევრისგან. იმისათვის, რომ კანდიდატი პრეზიდენტი გახდეს, მას სჭირდება მინიმუმ 270 წევრის ხმა. ამომრჩეველთა კოლეგია აშშ-ის დამფუძნებელმა მამებმა კონსტიტუციით შექმნეს იმიტომ, რომ ეპოვათ ბალანსი პრეზიდენტის პირდაპირ წესით, ხალხისა და კონგრესის მიერ არჩევას შორის. ამომრჩეველთა კოლეგია შედგება შტატების წარმომადგენლებისგან. თითოეულ შტატს კოლეგიაში ზუსტად იმდენი წარმომადგენელი ჰყავს, რამდენი წარმომადგენელიც ჰყავს კონგრესში. რაც შეეხება კოლუმბიის ოლქს, ის კოლეგიაში 3 წევრით არის წარმოდგენილი (აშშ-ის ყველაზე მცირერიცხოვანი შტატის მსგავსად). ამომრჩეველთა კოლეგიაში თითოეულ შტატს წარმომადგენელთა განსხვავებული რაოდენობა ჰყავს და ეს დამოკიდებულია შტატში მცხოვრებთა რიცხვზე. ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები არიან პარტიის ან პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ მაღალი ნდობითა და რეპუტაციით აღჭურვილი პირები.
მაგალითად, თუ კალიფორნიის შტატში პრეზიდენტობის A კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მიიღო ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა, თუნდაც ერთი ხმით მეტი, ამომრჩეველთა კოლეგიაში კალიფორნიის შტატის ყველა, ანუ 55 წარმომადგენელი ვალდებულია, ხმა მისცეს სწორედ A კანდიდატს. ამ პრინციპით იქცევა აშშ-ის 48 შტატი და კოლუმბიის ფედერალური ოლქი. მხოლოდ 2 შტატში – ნებრასკასა და მაინიში ნაწილდება ხმები პროპორციული სისტემით.
კიბერუსაფრთხოება კენჭისყრის პროცესში
აშშ-ის კიბერთავდაცვითი სისტემა, სავარაუდოდ, წელს უფრო მობილიზებული იქნება, რათა თავიდან აირიდონ რომელიმე ქვეყნის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევა, როგორც ეს 2016 წელს მოხდა.
“აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასების თანახმად, რუსეთი ჩაერია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა”, – წერდა ამერიკული გამოცემა – “ვაშინგტონ პოსტი”.
და ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაიმართება საპრეზიდენტო დებატები, რომელიც 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. დებატებზე განსახილველი თემები იქნება: უმაღლეს თანამდებობებზე ყოფნისას კანდიდატების მიღწევები; უზენაესი სასამართლოს ვაკანტური პოზიცია; კოვიდ-19; ეკონომიკა; რასობრივი და ძალადობის საკითხები ამერიკის ქალაქებში და არჩევნების უსაფრთხოება.