“პანდემიამ ჩვენი პოზიციები დააახლოვა, „ჯორჯიან მანგანეზთან“ აქტიური სოციალური დიალოგი გვაქვს”

ეპიდსიტუაცია საქართველოში მკვეთრად გაუარესდა. კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4000-ს მიაღწია, გარდაიცვალა 25 ადამიანი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავრობა ეკონომიკის კიდევ ერთხელ ჩაკეტვას არ გეგმავს.

რა რეკომენდაციები აქვს შექმნილ სიტუაციაში პროფკავშირებს დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის – აღნიშნულ კითხვებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა უპასუხა:

კოვიდთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია ბოლო დროს მკვეთრად გაუარესდა. შექმნილ სიტუაციაში რა რეკომენდაციები აქვს პროფკავშირებს დამსაქმებლებთან, განსაკუთრებით – მძიმე მრეწველობის წარმომადგენლებთან?

მიუხედავად იმისა, რომ ახლა გაუარესდა სიტუაცია, ჩვენ იმ პერიოდიდან, როგორც კი დაიწყო პანდემია, გვაქვს გარკვეული გაიდლაინი შემუშავებული და შეთანხმება ისეთ მსხვილ წარმოებებთან, როგორიც არის “თელასი”, „ჯორჯიან მანგანეზი“, „საქნახშირი“. ამ დამსაქმებლებთან გვაქვს შემუშავებული სხვადასხვა პრევენციული ხასიათის რეკომენდაცია. ეს არის როგორც დასაქმებულთა ტრანსპორტირების წესები, ასევე, მაღალი რისკის მქონე წარმოებებში დასაქმებულთა მოცდენის ანაზღაურების წესი. რეკომენდაციები გულისხმობს, ასევე, დეზინფექციის წესებსა და სხვა უსაფრთხოების ნორმებს. მოკლედ, ეს გაიდლაინები ისევ ძალაშია და ამ ეტაპზე რაიმე ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავთ.

განვლილმა პერიოდმა რა აჩვენა, რამდენად იცავდნენ დამსაქმებლები მთავრობისა და მედიკოსების რეკომენდაციებს? თქვენი უწყება თუ უწევდა მონიტორინგს მათ საქმიანობას და რა აჩვენა ამ დაკვირვებამ?

ცალსახად მინდა, განვაცხადო, რომ, პრაქტიკულად, ყველა წარმოება იცავდა და იცავს ამ წესებს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ საწარმოს ჰყავს კოვიდით ინფიცირებული. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი, რომ ვინმე წარმოების პროცესში დაინფიცირდა, არ არსებობს. თუმცა, ვერ ვიტყვი იმავეს მიწოდების ქსელებთან დაკავშირებით. ხშირი იყო შემთხვევა, როცა, მაგალითად, სუპერმარკეტებში უსაფრთხოების ნორმები იმ დოზით, რასაც მთავრობა ითხოვდა და ჩვენი რეკომენდაციებით იყო გათვალისწინებული, დაცული არ იყო.

ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე პროფკავშირები და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია მუდმივად ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგა. ახლა რა ვითარებაა?

თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ პროფკავშირებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის აქტიური სოციალური დიალოგი მიმდინარეობს. ამის დასტურია ისიც, რომ გათვალისწინებული იქნა ჩვენი რეკომენდაციები. იმის თქმაც შეიძლება, რომ სრულყოფილებისაგან ჯერ კიდევ შორს ვართ, თუმცა, აქეთკენ მივდივართ. მოკლედ შემიძლია, ვთქვა, რომ პანდემიამ კიდე უფრო დააახლოვა ჩვენი, ანუ პროფკავშირებისა და მათი პოზიციები.

წყარო :https://bm.ge/ka/article/quotpandemiam

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები