ზურაბ რთველიაშვილი: სააკაშვილი დღემდე გოიმ, კეპკიან- ულვაშებიან ტიპად, დასავლურ ღირებულებებს ამოფარებულ ,,ჩიტო გვრიტოდ” დარჩა

ახლა ბოდიშს უხდიან იმ ნახევარ მილიონ ადამიანს, რომელიც გაანადგურეს?

სკოლის მერხიდან დაწყებულ პროტესტზე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის დროს 8-წლიან იძულებით ემიგრაციაზე, 2020 წლის საარჩევნო გარემოზე ,,კვირა” პოეტ ზურაბ რთველიაშვილს ესაუბრა:

-საპროტესტო მუხტი ბავშვობიდან გქონდათ. მაშინ, როცა 1983 წელს მთელი საქართველო ზარ-ზეიმით
აღნიშნავდა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის თავს, თქვენ იმპერიას ამხელდით…

-ჩემი საპროტეტო აქციები სკოლის მერხიდან დაიწყო. 1983 წელს 13 წლის ვიყავი, დაფაზე დავწერე ლექსი, როგორი სამარცხვინო იყო მონობის თარიღის აღნიშვნა საქართველოს მხრიდან. ამ ამბავმა შედარებით რბილად, მხოლოდ მშბლების გამოძახებით ჩაიარა. ჩემს ანტიიმპერიულ განწყობზე კი ბაბუა ზრუნავდა, რომელიც, ანტისაბჭოთა განწყობებისთვის, ახალგაზრდობაში ციხეშიც იჯდა. სულ მეუბნებოდა, რომ კარგი ცხოვრება ჩვენთან მაშინ დაიწყებოდა, როდესაც იმპარიის მონობას გადავაგდებდით. ერთად ვარჩევდით ტელეგადაცემებს, ვნახულობდით ფილმებს, ვმსჯელობდით – რა ხდებოდა ბეირუთში. ბაბუამ მასწავლა მთავარი: რასაც უყურებ, უკუღმა შემოაბრუნე და ჭეშმარიტებას დაინახავო. სიამაყით ვაცხადებ, რომ პაპაჩემი კომუნისტური იდეოლოგიის სერიოზული ექსპერტი იყო და დასკვნებში თითქმის არასდროს შემცდარა. სად რა კონფლიქტის გაჩაღებას აპირებდა საბჭოთა კავშირი, წინასწარ, შეუმცდარად იცოდა. მამაჩემი პროკურორი იყო და სულ ბრაზობდა, როდესაც არდადეგებიდან ბაბუასგან სახლში მოვდიოდი: დაგვიბრუნდა ანტისაბჭოთა ელემენტიო. 1988 წლის შიმშილობის აქციის მონაწილე ვიყავი. გია ჭანტურიასა და ეროვნული მოძრაობის სხვა მონაწილეებთან ერთად ძალიან საშიში შენობის წინ, თავზე ნამგალი და ურო რომ დაგვყურებდა, საბჭოთა რეჟიმის ნამოქმედარს ვაპროტესტებდით. ეს იყო ყველაზე მასშტაბური აქცია იმდროინდელ საბჭოთა კავშირში. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, თუმცა, ჩემზე ამაყი არავინ მეგულებოდა ქვეყანაზე.

-იყო თვალთვალი, დანებება, გადაბირების მცდელობა?

-ყველაზე მეტად მეშინოდა ჩემი ოჯახის, რომელსაც სერიოზული ხიფათი შეიძლებოდა, დამუქრებოდა ჩემი ანტიაბჭოთა განწყობების გამო. ახლაც მეცინება, როგორ ვუცვლიდით ჯარის მეგობრები რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში ანტისახელისუფლო ინფორმაციებს საქალაქთაშორიო ხაზით, როგორ უსმენდნენ თითოეულ ამ საუბარს ტელეფონისტი გოგონები და როგორ ატყობინებდნენ ჩვენი საუბრის შინაარსს კაკებე-ს. სწორედ რუსი მეგობრებისგნ შევიტყვე მაშინ, რომ რუსეთის დუმაში ულტრამემარცხენე რამდენიმე დეპუტატი შევიდა და ეს იმ დროისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. მათგან მიღებულ ინფორმაციებს ანონიმურად ვბეჭდავდი იატაკქვეა ჟურნალ ,,კვალში”, რომლის რედაქტორიც ნოდარ ნათაძე იყო. მახსოვს, მამამ ძალიან გამამხნევა მაშინ და მითხრა: შენი ადგილი ნამდვილად მანდ არის, თუმცა, გაფრთხილდი და ისე იმუშავეო.

-მოგვიანებით იყო ,,ვარდების რევოლუცია.,,..

-მაშინ სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკოსსა და მოვლენების ლიდერზე, არ ვფიქრობდი. მიშა არც ჩემთვის და არც ჩემი მეგობრებისთვის არაფერს ნიშნავდა. ჩვენი მიზანი იყო კორუმპირებული და დაჭაობებული სისტემის ნგრევა.

– დღეს სააკაშვილი აცხადებს, რომ უახლესი საქართველოს ისტორია სწორედ მისით იწყება, რომ იქამდე თბილისში ,,კეპკიანი და ულვაშებიანი ბიძიები” დააბიჯებდნენ…

-თბილისი კონკრეტული პოლისი იყო თანამედროვე სამყაროში იმპერიის დროსაც და მოგვიანებითაც. საქართველოს დედაქალაქი მაღალი დონისა და ხარისხის კულტურის ცენტრი იყო ყოველთვის. მაშინაც კი, როდესაც ბავშობაში ,,ილუზიონს” ვუყურებდით, გაგანია საბჭოთა რეჟიმის დროს. მსოფლიო პოსტმოდერნულ სივრცეში დიდ ადგილს იკავებდა ქართული ავანგარდი. ილია ზდანევიჩის, ბალანჩინისა და მაიაკოვსკის ხსენება რად ღირს, რომლებმაც საქართველოდან აიდგეს ფეხი. ასე რომ, კეპკიანი მიმინო ტიპების სამშობლო და,,ჩიტო-გვრიტო” საქართველო არასდროს ყოფილა, რაც უნდა ეცადოს სააკაშვილი ამის მტკიცებას. ქართველებს, როგორც თანამედროვე კულტურული ფასეულობების მატარაბელ ერს, დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიო კულტურაში. სწორედ მიშას დროს გაუქმდა თბილისში ვარლამ ჩერქეზიშვილის, ცნობილი მემარცხენე იდეოლოგის ქუჩა იმის ნაცვლად, რომ ქუჩას სკვერიც შემატებოდა და ჩერქეზიშვილის სახელი ბრენდად გექცია ისე, როგორც ამერიკასა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სააკაშვილი ადგა და საერთოდ წაშალა მისი სახელი, ხოლო ქუთაისში მაიაკოვსკის ქუჩას სახელი გადაარქვა და ის ახლა ,,ნიუპორტის” ქუჩად მოიხსენიება. თბილისის აეროპორტში დაფრენისას დედაქალაქში ბუშის ქუჩას მოვყავართ. სასაცილოა მოკლედ, სატირალი რომ არ იყოს. ერთი რამის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება: დღემდე მიშა გოიმ, კეპკიან ტიპად დარჩა, დასავლურ ღირებულებებს, (რომელიც ვერ გაიგო) ამოფარებულ ,,ჩიტო-გვრიტოდ”. ის არა უმაღლესი, არამედ A კლასის ავანტიურისტია, რომელიც სწორედ ავანტიურების ხარჯზე გადის ფონს.

– უკრაინაშიც და საქართველოშიც სააკაშვილმა რეფორმატორის სახელით დაიწყო მოღვაწეობა.

-დაიწყო, თუმცა, ავანტიურას ვერც აქ გასცდა. ჩვენ მხარს ვუჭერდით მას პოლიციის რეფორმირებისას, რომელმაც, საბოლოოდ, ,,გესტაპოს” სახე მიიღო და მის ხელში მძლავრ სადამსჯელო მანქანად იქცა. მთელს სახელმწიფოში მივიღეთ ისეთი პოლიციური რეჟიმი, რომელიც დერჟინკისაც არ დაესიზმრებოდა. ჩამოყალიბდა ,,სიკვდილის ბრიგადები”, რომლებიც ხალხს ხოცავდა ქუჩები. სწორედ ასეთი ფაქტების წინააღმდეგ, ,,თანსწორობის ინსტიტუტმა” დაიწყო ბრძოლა სააკაშილის რეჟიმის საპირისპიროდ.

-პრეზიდენტი ცდილობდა თქვენთან საერთო ენის გმონახვასა და კომპრომისებზე წასვლას?

-ხელოვანი თუ ხარ, რომელიმე მთავრობის მეხოტბე ვერ იქნები. სააკაშვილმა თავიდანვე იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე, ზურაბ ჟვანია მხარს უჭერდა ჩვენს იდეას, შეგვექმნა საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც, საზოგადოების სახელით, გააკონტროლებდა ,,ვარდების რევოლუციის” მონაპოვარს გარედან. მე ჩემს მეგობართა შორის ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამ იდეის გამო დაუდგა რევოლუციას გვერდით. საზოგადოებრივი საბჭო ,,მაშველი რგოლი” უნდა ყოფილიყო საზოგადოებითვის. შემდეგ სააკაშვილმა შემოგვთავაზა, გავმხდარიყავით ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები და შევსულიყავით პარლამენტში პარტიული სიით. ჩვენ ამაზე უარი ვუთხარით, რადგან მიგვაჩნდა, რომ აუცილებელი არ იყო, ყველა პარლამენტში შესულიყო. ჩვენი მიზანი იყო, გვემუშავა ახალი პოლიტიკური მიდგომების ჩამოყალიბებაზე საზოგადოებასთან ერთად. სააკაშვილი კი მაშინაც და ახლაც ფიქრობს, რომ ვინც მასთან არ არის, მისი მტერია. პოპულარობის პიკში მას საზოგადოების ხმის გაგონება აღარ უნდოდა. ასე დაიწყო ბრძოლა ,,თანასწორობის ინსტიტუტის” წინააღმდეგ. 2006 წელს მე, ჯაბა ჯიშკარიანი, ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ლალაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი დაგვაპატიმრეს, 2012 წელს სტრასბურგის სასამართლომ გაგვამართლა და უთხრა სახელმწიფოს, რომ ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის ,,სინდისის პატიმრები” ვიყავით. როდესაც აშკარა დევნაზე გადავიდნენ, 2009 წელს, საკნების ქალაქისა და ,,მოდელირებული ქრონიკის” დროს, იჭერდნენ და დევნიდნენ ყველას. გაუსაძლისი რეპრესიების წლები იყო. ამ დროს დავტოვე ქვეყანა. მწერალთა დაცვის ორგანიზაციებთან ირაკლი კაკაბაძეს მიუწვდებოდა ხელი. მათი დახმარებითა და იმის წყალობით, რომ ქვეყანაში შექმნილ უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში სააკაშვილის რეჟიმმა ჩემთვის ვერ მოიცალა, ესტონეთის საელჩოს მიწვევით მე ევროპაში წავედი. ლიტვაში ჩასულმა ჩავრთე ტელევიზორი და ვხედავ, ჩემი საპროტეტო გამოვლა და ლექსი მიშას ,,რუსთავი 2-ს” ასე დაუმონტაჟებია: ,,გაისროლე ზარბაზნები, სისხლი!” სიუჟეტის ავტორმა შემდეგ 90-იანი წლების კადრები აჩვენა მაყურებელს და უთხრა, რომ ჩვენ ის ადამიანები ვიყავით, რომლებმაც სამოქალაქო ომამდე და სისხლისღვრამდე მიიყვანა ქვეყანა. კიდევ კარგი, მაშინ გავასწარი ქვეყნიდან…

-2009 წელს წახვედით და 2017 წელსს დაბრუნდით შვედეთის მოქალაქის სტატუსით. ახლა 2020 წელია და ქვეყანაში საარჩევნო სამზადისია. რეიტინგების მიხედვით კი მოსახლეობის 16% კვლავ ,,ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს.

-მე პატივს ვცემ შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს, მათ რიგებში ზოგიერთ ხელოვანსაც ვხედავ. მინდა, მათ მივმართო: ნამდვილად არ იციან, ვის უჭერენ მხარს. ამ 16%-ს განწყობა ძალზე მაკვირვებს.

-თუმცა, ექსპრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა ამომრჩეველს და თქვა, რომ იმ წლებში ბევრი შეცდომა დაუშვა. სააკაშვილის ბოდიში თქვენთვის მისაღებია?

-ადამიანურად შეიძლება, ვინმემ ბოდიში მოგიხადოს და აპატიო, მისცე მას მეორე შანსი, მაგრამ პოლიტიკური საქმიანობის უფლება ასეთ პარტიას აღარ შეიძლება, ჰქონდეს. მახსოვს, როგორ დაგვიკავშირდნენ ჩვენი მეგობრები თეთრი სახლიდან 2008 წელს და გაგვაფრთხილეს, რომ საშინელი პროვოკაცია მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც არ შეიძლებოდა, ჩავბმულიყავით. ვცდილობდით, დავლაპარაკებოდით სააკაშვილს, მაგრამ ამ იდიოტთან ვერაფერს გავხდით. ის არის სახელმწიფო დამნაშავე. წარმოგიდგენიათ, რომ ნიუმბერგის პროცესის შემდეგ იქ გასამართლებულ ფაშისტებს ბოდიში მოეხადათ და კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ? მწამებლებმა და ჯალათებმა დაინახეს თავისანთი დანაშაული და ფერი იცვალეს? დასანანია, რომ როგორც დანაშაულებრივი პარტია, ისე არ აიკრძალა ,,ნაციონალური მოძრაობის” მოღვაწეობა საქართველოში. ახლა ბოდიშს უხდიან იმ ნახევარ მილიონ ადამიანს, რომელიც გაანადგურეს?

-მაინც რატომ რჩება ამდენი მომხრე სააკაშვილს საქართველოში?

-გადაუჭრელი ეკონომიკური სიდუხჭირე დიდი პრობლემაა ქვეყანაში. ამ კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა. როგორც კი ფინანსური პრობლემები მოგვარდება, ადამიანი გამოვა ამ სიტუაციიდან და პოლიტიკური გემნოვნებაც შეეცვლება. ყველა თავის საყვარელ პროფესიას დაუბრუნდება. მხოლოდ მაშინ ჩამოყალიბდება მოაზროვნე, სამოქალაქო საზოგადოება და გაერთიანდება პრობლემების, ქვეყნის მთავარი საკითხების გადასაჭრელად. დაივიწყებენ მიშას და თავის საქმეს მოჰკიდებენ ხელს – იმ მიშას, რომელიც დღემდე გვემუქრება და გვაფრთხილებს, რომ ყველა დამახსოვრებული ჰყავს.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები