“სამაშველოს ბიჭებმა შეამოწმეს ყველა კუთხე, რომ რაიმე არ ყოფილიყო სიცოცხლისთვის საშიში და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდნენ, მინდა, მათ საჯაროდ გადავუხადო მადლობა”

მოქალაქე, მარიამ ინწკირველი სოციალურ ქსელში სამაშველო სამსახურთან დაკავშირებულ ისტორიას ჰყვება.

“სამაშველო სამსახურზე იდო აქ პოსტი და მინდა, ჩემს ისტორიასაც მოგიყვეთ. ცოტა ვრცელი გამოვა ტექსტი და მომიტევეთ. დაახლოებით, 1 თვის წინ სახლის ვერანდაზე ვიჯექი, რომელსაც არ აქვს მოაჯირი. ქვემოდან დამინახა მეზობელმა, რომელმაც ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას და დარეკა “112” – ში.

დაახლოებით, 4-5 წუთში ჩავედი სახლში (მე-5-ე სართულზეა ვერანდა, მე-4-ზე ვცხოვრობ) და შევნიშნე აივანზე მოყუდებული კიბე, რომელზედაც 4 მაშველი ისე უცებ გადმოძვრა, რომ ვერც გავიაზრე, რა მოხდა. მათ უკვე კარიდან მოჰყავ კრიმინალისტების მთელი ჯგუფი (არ ვაჭარბებ, სახლი წამებში გაივსო), პატრული და სასწრაფო.

ეზოში იმყოფებოდნენ მამა და ძმა, რომლებსაც პოლიციამ აუხსნა, რომ 24 წლის გოგოს, მარიამ ინწკირველს, ჰქონდა სუიციდის მცდელობა, რამაც ცოტა ქაოსი გამოიწვია ქვემოთ და შემდეგ უკვე – ჩემი ძმის შემოვარდნა ოთახში სიტუაციის გასარკვევად (შიშის ნიადაგზე, რა თქმა უნდა).

ამ დროისთვის, სასწრაფომ გამიკეთა ნემსი (დამამშვიდებელი) და სრულად გამომკითხა, მაწუხებდა თუ არა რაიმე ან ვუჩიოდი თუ არა რაიმე სახის ტკივილს. ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ, პოლიციამ მოახდინა ჩემი სრული იზოლაცია ოჯახისგან, რომ პრობლემის შემთხვევაში მესაუბრა თავისუფლად!!

ოთახში 2 პოლიციელი იყო (ეს ამ ძალიან მაგარი ბიჭების სურათია), რომლებმაც წარმოუდგენელი მზრუნველობა გამოიჩინეს, დეტალურად გამომკითხეს ყველაფერი, ხომ არ ჰქონდა ვინმეს მხრიდან ადგილი ძალადობას, ხომ არ ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი, როგორი ურთიერთობა მქონდა ძმასთან, მამას და მეგობარ მამაკაცთან. ამ კითხვების ფონზე მამშვიდებდნენ, რომ ჩემი მხრიდან მხოლოდ სიმართლე იყო საჭირო და შემდეგ ყველანაირად დამიცავდნენ.

სამაშველოს ბიჭებმა 5-ვე სართული დაიარეს, შეამოწმეს ყველა კუთხე, რომ რაიმე არ ყოფილიყო სიცოცხლისთვის საშიში, ვერანდა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდნენ.

სიტუაციის გარკვევის შემდეგ, ერთ-ერთმა პოლიციელმა თავისი ნომერი დამიტოვა, რომ ნებისმიერი პრობლემის დროს დავკავშირებოდი და ამით დავემშვიდობე ერთმანეთს.

მეორე დღისთვის შეხვედრა დამინიშნეს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, ფსიქოლოგთან, რომელმაც უამრავი რჩევა მომცა.

მინდა, საჯაროდ გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც იმ ღამეს წარმოუდგენლად სწრაფად გაჩნდა ჩემს სახლში!!! იმხელა მზრუნველობა გამოიჩინეს ამ ადამიანებმა, რომ ცრემლებიც ვერ შევიკავე (ოპააა, რა გატირებს, რამეს ხო არ აპირებო, პოლიციამ).

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან საკუთარი სიცოცხლის ფასად!”, – წერს მარიამ ინწკირველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები