აფხაზური მედია ქუთაისში კორონავირუსისგან გარდაცვლილი ქალის შესახებ, რომელიც სოხუმიდან იყო გადმოყვანილი, ინფორმაციას ავრცელებს
სოხუმის ნომერ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ორკვირიან კარანტინზე მას შემდეგ გაუშვეს, რაც ამავე სკოლის პედაგოგი, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით, ქუთაისში გარდაიცვალა.
როგორც სკოლის დირექტორმა, ნონა დელბამ განაცხადა, ამ ფაქტის გარდა, დაწესებულების ადმინისტრაციაში მოსწავლეების მშობლები რეკავენ და ამბობენ, რომ მათ შვილებს ,,კოვიდ 19,, დაუდასტურდათ.
მისივე თქმით, კარანტინზე ასევე სკოლის 7 მასწავლებელი იმყოფება, თავად სკოლის დირექტორიც ვირუსის სიმპტომებზე მიანიშნებს.
დელბას თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი მოსწავლეა ამჟამად ინფიცირებული.
ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა, 61 დადასტურებული შემთხვევა, ჯამურად, 939 ინფიცირებულია.
რაც შეეხება ქუთაისში გარდაცვლილ ქალს, მას ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.