რუსეთის პასუხი ნატო-ს – მოსკოვი სამხედრო სწავლება “კავკაზ 2020”-ს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მართავს

რუსეთი მასშტაბური, მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებისთვის – “კავკაზ 2020”-თვის ემზადება, რომელშიც სამხედრო-საზღვაო ძალების 20-ზე მეტი საბრძოლო გემი, 80 ათასზე მეტი სამხედრო, მათ შორის, 8 ათასზე მეტი არტილერისტი, 3 ათასზე მეტი ერთეული სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, ასევე, უპილოტო საფრენი აპარატები იქნება ჩართული.

სწავლება დღეიდან 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სამხედრო სწავლების დიდი ნაწილი გაიმართება რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელშიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც შედიან.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ორი რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. ორივე ბაზა – მე-7 აფხაზეთში და მე-4 ცხინვალში – სამხრეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაშია.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, “კავკაზ 2020”-ში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან სამხედრომოსამსახურეები სომხეთიდან, ბელორუსიდან, ჩინეთიდან, მიანმარიდან, პაკისტანიდან.

აზერბაიჯანის, ინდონეზიის, ირანია, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და შრი ლანკის წარმომადგენლები წვრთნებში მონაწილეობას დამკვირვებლის სტატუსით აპირებენ.

ექსპერტების მოსაზრებით, მსგავსი სამხედრო წვრთნები შავი ზღვის რეგიონში მხოლოდ „კუნთების თამაშია“. ამასთან, მათივე თქმით, აღნიშნული სწავლება ,,ოქროს შესაძლებლობაა,, პაკისტანისთვის, რადგან, რუსეთთან კავშირების გაღრმავების ფონზე, ის შეძლებს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ხიდის აშენებას.

ინდოეთმა სწავლებაში მონაწილეობაზე ბოლო მომენტში უარი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების მოტივით თქვა, თუმცა, სავარაუდოა, დელის თავშეკავება უკავშირდებოდეს იმას, რომ ბოლო დროს მას პეკინთან ურთიერთობა დაეძაბა. გარდა ამისა, სწავლებაში პაკისტანის არმია მონაწილეობს, რომელთანაც ინდოეთს ღია კონფრონტაცია აქვს.

აღსანიშნავია, რომ “კავკაზ 2020″-ის სამხედრო წვრთნებს წინ უსწრებდა „ღირსეული პარტნიორი 2020”-ის სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 7 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. „ღირსეული პარტნიორი 2020“-ს საქართველო წელს მეხუთედ მასპინძლობდა. მასში მონაწილეობა ნატო-ს 4-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო. სამხედრო სწავლების მიზანი საქართველოს, ამერიკისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები