გიორგი გახარია: მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი

“ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, რაც მთავარია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან ყველგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. ჩვენ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები”, შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმიტომ გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ ცოდნა მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო,”- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება – გარკვეული წესების დაცვით.

„ჩვენ ეს დრო მოვიგეთ, დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ის ცოდნაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ის გამოცდილებაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში ვირუსის რისკების მართვით, ვირუსის დროში გავრცელების მართვით, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც და დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა, მაქსიმალურად სწრაფად, ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. რას ნიშნავს ეს, ეს ნიშნავს, რომ დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. მარტივი წესებია – პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ეს ის წესებია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

​მისივე თქმით, მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი.
„მძიმე შეზღუდვები, პირველ ეტაპზე, მაშინ როდესაც იყო ათეული შემთხვევები და არა მეტი, იყო აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შეგვეჩერებინა ვირუსის დროში გავრცელება, რათა დრო მოგვეგო, უფრო მეტი გვესწავლა, მეტი გამოცდილება მიგვეღო, სისტემა უკეთესად მოგვემზადებინა, რაც შევასრულეთ. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები