„დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოში დასუფთავების აქციები გაიმართება

„დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოში დასუფთავების აქციები გაიმართება. 2020 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია: „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა (პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო 10 წელია, „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია აღინიშნება.

საერთაშორისო კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა. იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს აერთიანებს. დღეს მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის, საქართველო.

მიმდინარე წელსაც „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია, ტრადიციულად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოში დასუფთავების აქციები 18, 19 და 20 სექტემბერს გაიმართება.

“კამპანია საქართველოში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ მიერ (პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად), პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

თუმცა, გამომდინარე მსოფლიო პანდემიიდან და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან, მიმდინარე წელს დასუფთავების აქციები ჩატარდება მცირე რიცხოვან ჯგუფებში (10-მდე მოხალისის მონაწილეობით) და სხვადასხვა ადგილას.

ვითვალისწინებთ რა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებსა და სახელმწიფო რეგულაციებს, მოგმართავთ თხოვნით, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საარსებო გარემო, გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და დასუფთავების აქციები, თვითორგანიზების შემთხვევაში ჩაატაროთ მცირე რაოდენობრივ (10-მდე) ჯგუფებში, შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით!

დავასუფთაოთ საკუთარი სახლის, ეზოს, ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები და საკუთარი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო კამპანიაში!

“დავიცვათ დისტანცია-დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო”!!!
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები