ამირან სალუქვაძე – კეზერაშვილზე: თქვენი თავდაცვის მინისტრობით ქვეყანა თავზე დაგვამხეთ და მაგაზე უარესი ტელეეთერებიდან რა უნდა ქნათ

ექსპერტი, ამირან სალუქვაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის “ფეისბუქ” სტატუსს ეხმიანება, სადაც ის ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ წერს.

როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, თავდაცვის ექსმინისტრი უნდა შეეშვას ტელევიზიისა და ჟურნალისტების ფარად გამოყენებას და ახსნას გაჟღერებული ბრალდებები, საკუთარი ქონების წარმომავლობა.

“როგორც მოსალოდნელი იყო ბატონი კეზერაშვილის მხრიდან, მის მიმართ გაჟღერებული კორუფციული ბრალდებები, პოლიტიკურ და მედიის, თითქოსდა, კონტროლის ჭრილში გადაიტანა.

ვის აინტერესებს თქვენი სარედაქციო პოლიტიკა? შეგიძლიათ, დღე და ღამე ჯიბის ქურდობები და ხულიგნობა აშუქოთ, თუ გინდათ – თავზე დაიმხეთ ყველაფერი. თქვენი თავდაცვის მინისტრობით ქვეყანა დაიმხეთ, უფრო სწორად, თავზე დაგვამხეთ და მაგაზე უარესი ტელეეთერებიდან რა უნდა ქნათ?
ვერ გადაიტანთ. გუშინ განა რაიმე ახალი გაჟღერდა? ან როგორ უნდა გააფორმოთ სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობად, როცა არაფრისმქონე ჩინოვნიკები, მილიონერები და მილიარდელები გახდით?
გუშინ არენაში გამხოვანებულს კიდევ ორ ფაქტს დავამატებ, რომელთა შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე მედიითაა გაჟღერებული და მასალები იმ პერიოდიდან პროკურატურაშია.
უკრაინული პასიური რადარის “კოლჩუგას” შეძენა 9 მლნ დოლარად იყო შესაძლებელი, 16,5 მლნ დოლარად, ანუ 7,5 მილიონით ძვირ ფასად შეიძინეს. ერთი ბატარეა საზენიტო კომპლექსი “ოსა” უკრაინის მიერ მოწოდებულ კომერციულ წინადადებაში 6 მლნ დოლარად იყო შეფასებული, ხოლო ჩვენმა ქვეყანამ ომის წინ 9,5 მილიონ დოლარად, ანუ 3,5 მილიონი დოლარით ძვირად შეიძინეს. რამდენიმე ბატარეა იყიდეს და გაამრავლეთ 3,5 მილიონზე და მთელი ეს თანხები გადაიყვანეთ ლარებში, თუნდაც – მაშინდელი კურსით.
ქვეყანაში უტიფრობის აღლუმია. რაღაც მცირე ჯგუფი ამუნათებს მთელს ქვეყანას. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები გმირობად ინათლება და ვინც შეეხება, მტრებად აცხადებენ.
ამიტომ, მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, საზოგადოებას, რათა ახლიდან იქნას გამოძიებული მაშინდელი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს და ჯარის ომისათვის მომზადება (ომის დაწყებაში არავის აერიოს, ომისთვის ყველა ემზადება) და როგორ ვაწარმოეთ სამხედრო მოქმედებები.
იმედია მომავალი პარლამენტი მაინც დაუბრუნდება ამ საკითხს.  თავდაცვის  ექსმინისტრი კი შეეშვას ტელევიზიისა და ჟურნალისტების ფარად გამოყენება და ახსნას გუშინ გაჟღერებული ბრალდებები, საკუთარი ქონების წარმომავლობა”, – წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები