„ყველა რეგულაციას ვიცავთ, რაც პანდემიის გამოა დაწესებული“ – უსინათლოთა სკოლა-პანსიონში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში (უსინათლოთა და მცირედ მხედველთა სკოლა-პანსიონში) სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სკოლის დირექტორმა, თინათინ საბაურმა და მისმა მოადგილემ, ზაზა ადანაიამ ისაუბრეს.
როგორც თინათინ საბაურმა აღნიშნა, სკოლაში დაცულია ის რეგულაციები, რომლებიც პანდემიის პირობებში მოქმედებს.
„202- ე საჯარო სკოლა გახლავთ ერთადერთი სკოლა -პანსიონი მთელს საქართველოში, სადაც უსინათლო და მცირედმხედველი მოსწავლეები იღებენ განათლებას. სკოლა 1889 წლიდან ფუნქციონირებს, აქტიური წვლილი შეაქვს უსინათლოთა განათლებისა და აღზრდის საქმეში. ჩვენ ნამდვილად მოხარულები ვართ და ვამაყობთ იმით, რომ სკოლის კურსდამთავრებულები ჩვენი საზოგადოების ძალიან აქტიური, ცნობილი და წარმატებული წევრები არიან.
ცხადია, ჩვენც მზად ვართ სწავლის დასაწყებად 15 სექტემბერს. პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, ჩვენც მოგვიწია მთელი რიგი რეგულაციების გატარება ისევე, როგორც – სხვა სკოლებს. აბსოლუტურად სხვანაირად მოვაწყეთ საკლასო ოთახები, მერხები განთავსებულია დისტანციის გათვალისწინებით. ჩვენთან კლასებში მოსწავლეთა მცირე რაოდენობაა, მაქსიმალური რაოდენობა მეოთხე კლასშია – 10 ბავშვი, შესაბამისად, 10 ბავშვისთვის არანაირი პრობლემა არ იყო მერხებს შორის მანძილის დაცვა“, – განაცხადა საბაურმა.
მისივე თქმით, დისტანციური სწავლების რეჟიმმა ნათელყო, რომ ბავშვების ნაწილს კომპიუტერთან მუშაობა გაუჭირდა. თინათინ საბაურის თქმით, სკოლაში სექტემბრიდან დამატებით საგნად კომპიუტერიული უნარ-ჩვევები შემოვა.
„სკოლაში ამჟამად 47 მოსწავლე ირიცხება, აქედან ერთერთი ირანელი მოსწავლეა. მას ზაფხულში ირანში დაბრუნება მოუწია, დღეს კი საქართველოში ვეღარ ბრუნდება, ამიტომ, გვიწევს ამ მოსწავლის ამორიცხვა. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, როცა ის ჩვენს სკოლაში ჩაირიცხა, ქართული ენა საერთოდ არ იცოდა და, ჩვენი პედაგოგების აქტიური ძალისხმევის შედეგად, სრულად იყო სასწავლო პროცესში ჩართული. ერთი სიახლეა, რაც იგეგმება ჩვენთან სექტემბრიდან: სკოლაში შემოგვაქვს კომპიუტერული უნარ-ჩვევები, როგორც დამატებითი საგანი. პანდემიის პერიოდმა და დისტანციური სწავლების რეჟიმმა ნათელყო, რომ ბავშვების ნაწილს გაუჭირდა კომპიუტერთან მუშაობა.
ჩვენს შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესის შემოკლება არ მოხდა, გაკვეთილი ისევ 45-წუთიანია. ეს სკოლა პანსიონია და ბავშვები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან, ჩვენთან რჩებიან, მათ ხუთჯერადი კვება აქვთ. ასევე, აქვთ შესაძლებლობა, პანსიონური მომსახურების ყველა სიკეთით ისარგებლონ. ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს.
ჩვენი სკოლის ყველაზე დიდი ნიშა და მისია არის არა მხოლოდ საგანმანათლებლო რაკურსი, არამედ – ის მიმართულებაც, რომ მაქსიმალურად შევძლოთ და მივცეთ ამ მოსწავლეებს საშუალება, მოემზადონ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ამ მიმართულებით სხვადასხვა პროგრამა გვაქვს. მაგალითად, ვასწავლით თეთრი ხელჯოხით გადაადგილებას, მობილობასა და ორიენტაციას სივრცეში“, – განაცხადა თინათინ საბაურმა.
202-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, ზაზა ადანაიას თქმით, სკოლა ერთადერთია საქართველოში, სადაც უსინათლო ბავშვებს ცხოვრებაც შეუძლიათ.
„ეს სკოლა 131 წელია, რაც არსებობს. დაარსებისთანავე განსაზღვრული იყო, რომ ბავშვებს თან უნდა ესწავლათ და თან – ეცხოვრათ ამ სკოლაში. პანსიონური მომსახურება სწორედ ამას გულისხმობს. ეს ერთდადერთი სკოლაა საქართველოში, სადაც უსინათლო ბავშვებს შეუძლიათ როგორც განათლების მიღება, ასევე – ცხოვრება, ამასთან, ყველა იმ მომსახურების მიღება, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ამაში იგულისხმება კვება, სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, არ წყდება საგანმანათლებლო პროცესი და იგი უკვე სააღმზრდელო პროცესში გადადის. სკოლაში არის წრეები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების განათლებას. მაგალითად, ხალხური საკრავების შემსწვალელი წრე, სიმღერის შემსწავლელი წრე, ჭადრაკის, კულინარიის წრე. ექსკურსიებიც ტარდება. მაგალითად, შარშან, სექტემბერში – ისნის გამგეობის დაფინანსებით – მოსწავლეები ექსკურსიით მცხეთაში იყვნენ. ექსკურსიაზე ისნის გამგებელი, კახა ლაბუჩიძეც იმყოფებოდა. სკოლაში არის მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი. გვაქვს ექიმის კაბინეტი, ყველა რეგულაციას ვიცავთ, რაც პანდემიის გამოა დაწესებული“, – განაცხადა ზაზა ადანაიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები