ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას შენობის სრული დეზინფექციისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაახლებს
ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას შენობის სრული დეზინფექციისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაახლებს. დღეს დასრულდება შენობაში მომუშავე 100-ზე მეტი თანამშრომლის ტესტირების პროცესი.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრევენციული ღონისძიებების გატარება 7 სექტემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის სახლის თანამშრომელს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. იმავე დღეს დაიწყო და გრძელდება როგორც მომსახურების სივრცეებისა და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე – შენობის 17-ვე სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების სპეციალური საშუალებებით დამუშავება.
ბათუმის იუსტიციის სახლის გასხნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც უწყება სრულად განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებულ ყველა პრევენციულ ზომას და დარწმუნდება, რომ გარემო უსაფრთხოა როგორც მომხმარებლებისათვის, ისე – იუსტიციის სახლში დასაქმებული თანამშრომლებისათვის.
იუსტიციის სახლის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სერვისების უსაფრთხო გარემოში მიწოდების პროცესი უმოკლეს ვადებში აღდგეს. სამუშაო რეჟიმის განახლების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია დამატებით მიეწოდება.