თეა წულუკიანი – სააკაშვილზე: თუ გადაწყვეტს ჩამოსვლას, ჩამობრძანდეს, მას ელოდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასახელებას გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, სააკაშვილს საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელის.

“ეს არის ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას, უარი თქვა სამშობლოზე, მოქალაქეობაზე და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ისინი, პრაქტიკულად, პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან და ვერც გეგმავენ, თუ როგორ უნდა იქონიონ საქართველოში რაიმე ტიპის პოლიტიკური მომავალი იმიტომ, რომ სააკაშვილზე ჩამოკიდებული პარტიისთვის, რა სახელიც  უნდა ერქვას მას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი ნულის ტოლია.

აბსოლუტურად არასერიოზული ადამიანი, რომელსაც, როგორც ჩანს, უკვე უკრაინაშიც არ დაედგომება, თუ გადაწყვეტს ჩამოსვლას  – ჩამობრძანდეს, არ არის პრობლემა, მას ელოდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რადგან განაჩენები არსებობს, ეს არ არის მუქარა, ეს არის ფაქტი”, – განაცხადა წულუკიანმა.

“ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები