გიორგი გახარია: თუ ვიცით წყარო, თუ ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ, თუ ვმართავთ ამ პროცესს, დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ

“ჩვენ თუ ვიცით წყარო, თუ ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ, თუ ვმართავთ ამ პროცესს, დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ, მით უმეტეს, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ ქვეყანა ეპიდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით სხვებზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია და თუ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა არის ისე, რომ არ დაზიანდეს მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ქვეყანამ ეს უნდა გამოიყენოს.

“ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა ბოლო საბჭოს სხდომაზე მიიღეს დავალება, შემოგვთავაზონ დროში კარანტინის მენეჯმენტის რამდენიმე ვარიანტი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენ თუ ეპიდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით სხვებზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ და ეფექტურად ვახორციელებთ, მაშინ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ, ეს დავალება მათ მიიღეს, შემდეგი სხდომა გვექნება ორშაბათს ან ოთხშაბათს და მათგან მოვისმენთ, რა შედეგი აქვს იმ კვლევას, რომელიც უნდა ჩაეტარებინათ. მიზანი არის მარტივი – ჩვენ საზოგადოებასთან ერთად შევთანხმდით, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად საზღვრები უნდა გავხსნათ, ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად ეკონომიკა უნდა ამოძრავდეს იმისთვის, რომ ჩვენ ვირუსი ეფექტურად უნდა ვმართოთ. ვერავინ, ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, ეს გლობალური პანდემიაა. ჩვენ ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვირუსის მართვა უნდა ვისწავლოთ, არ უნდა შეგვეშინდეს, თუ, მაგალითად, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა იქნება 20, 30, 40-ით. მაგრამ ჩვენ თუ ვიცით წყარო, თუ ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ, თუ ვმართავთ ამ პროცესს, დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ, მით უმეტეს, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები