ლომია: რა გაგიკვირდათ, რომ ჩვენ მოსკოვის, ჩვენი კოლეგების მეშვეობით აღმოვჩნდით აფხაზეთში? რამე დაგვიმალავს ოდესმე?
“ახლა რა გაგიკვირდათ, რომ ჩვენ მოსკოვის, იგივე ჩვენი კოლეგების მეშვეობით აღმოვჩნდით აფხაზეთში? არის რამე ამაში გასაკვირი? არა. რამე დაგვიმალავს ოდესმე?”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლომიას თქმით, მისი და პარტიის ერთერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის ვიზიტი აფხაზეთში პოლიტიკური მიზნით არ ყოფილა. როგორც ლომიამ განმარტა, ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტი ჰუმანიტარული, რელიგიური აქცია იყო.
„ჩვენ რომ აფხაზეთში ჩავდიოდით, ეს არ იყო ფარული ვიზიტი, უბრალოდ, ეს არ იყო პოლიტიკური მიზნით შესრულებული, ეს იყო ჰუმანიტარული, რელიგიური აქცია. გვსურდა, ჩაგვეტანა ხატი ილორის მონასტერში, რაც გავაკეთეთ. ეს უნდა დარჩენილიყო გაუხმაურებელ ფაქტად, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. ჩვენ ამაზე პიარს არ ვაპირებდით და, საერთოდ, ჩვენი ჩვევა არ არის, რომ რელიგიურ თემაზე პიარი ავაგოთ. მაგრამ ეს ამბავი ძალიან ცუდად გახმაურდა. მოხდა ისე, რომ მტრებმა გაახმაურეს და ცუდად გააპიარეს. სხვათა შორის, ისეთი დაჯგუფებები, როგორებიცაა „ნაცმოძრაობა“ და „ევრონაცები“, არიან აფხაზეთშიც, რუსეთშიც, არიან სხვაგანაც. მათ არ სურთ არანაირი სიკეთე. აქაურები აფხაზეთში დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს, მოხდა ზუსტად ის, რომ ერთმა ორგანიზაციამ სერიოზული ბრალდება წაუყენა ასლან ბჟანიასაც და სხვა ადამიანებსაც იმის გამო, რომ ხატი აღმოჩნდა ილორის ტაძარში. დავაკვირდეთ სასულიერო პირების პოზიციას – კიდევ ერთხელ ვამბობ, ათონის არქიმანდრიტი ამბობს, რომ არავის ჰქონდა უფლება – ხატი გაეტანა ეკლესიიდან, ამის უფლება საერო პირს არ აქვს. ეს უნდა ყოფილიყო შეთანხმებული სასულიერო პირებთან, რაც არ ყოფილა“, – განაცხადა ლომიამ.
მისივე თქმით, ,,პატრიოტთა ალიანსის,, წევრები ყოველთვის ამბობდნენ, რომ აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის აღდგენს გასაღები მოსკოვში დევს.
„ჩვენ როცა დავდიოდით მოსკოვში და ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს, მოსკოვის დუმის დეპუტატებს, რაზე ვსაუბრობდით იქ საჯაროდ, ეს ჩანაწერი ყველას გაქვთ. აქ რომ ჩამოვდიოდით, რას ვამბობდით – აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის აღდგენს გასაღები დევს მოსკოვში. მოსკოვმა, ფაქტობრივად, შუამავლის როლი უნდა შეასრულოს, რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგეს. ამას ხომ არ ვმალავდით? ახლა რა გაგიკვირდათ, რომ ჩვენ მოსკოვის მეშვეობით, იგივე ჩვენი კოლეგების მეშვეობით აღმოვჩნდით აფხაზეთში, არის რამე ამაში გასაკვირი? არა. რატომ ტეხთ ამბავს? რამე დაგვილამავს ოდესმე? არასდროს. ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი საჯაროა, არაფერი გვაქვს დასამალი. არაფრის გვეშინია“, – განაცხადა ლომიამ.
შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები – ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტოში იმყოფებოდნენ. ინაშვილმა ვიზიტის ამსახველი ფოტოები „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.
„2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი. მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ”, – დაწერა ინაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას მიერ ილორის მონასტერში ჩატანილი ხატი აფხაზმა აქტივისტებმა ენგურის ხიდთან, ოკუპანტების კონტროლებად ტერიტორიაზე მიიტანეს და დაასაწყობეს.
მათი თქმით, პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ნივთი დაიბრუნონ. ასევე, აცხადებენ, რომ ეს არ არის კანონიკური წესების დაცვით შესრულებული ხატი და ის ნაბეჭდი მასალაა.
თამუნა შეყილაძე