“ზ.ხ.-ს მამა იმუქრება და მერე თვითონ დადის თავგატეხილი, ვერ ვხვდები, რა ხდება”, – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ შაქარაშვილის საქმეზე ერთერთი ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„საინტერესო ამბავი ხდება. ეს ადამიანი იმუქრება და მერე თვითონ დადის თავგატეხილი. ვერ ვხვდები, რა ხდება. იმ დღეს ვნახე, სახე ჰქონდა დასახიჩრებული, ახლა რამდენ სისულელესაც იტყვის, უარესი დაემართება თვითონ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისივე აგრესიით საკუთარ თავს მოსწევს შარს. მე არ ვიცი, ის რამდენად არის საფრთხის მატარებელი. ერთადერთი, რაც ვიცი, ის მართლა მერაბიშვილის აგენტი იყო, კამერებაღჭურვილი დარბოდა და ხალხს აჭერინებდა. ახლა ის ზღაპრები, თითქოს, 28 კაცი ააფეთქა და თურმე ამ თეთრ ისარში უკვე 25 კაცი ჰყავთ კბილებამდე შეიარაღებული, სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაწილი მგონია და მე არ ვუყურებ ამ პერსონას სერიოზულად“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის ჩანთის პოვნის ადგილსა და დნმ-ის კვალთან დაკავშირებულ საკითხს, მირიან ნიკოლაძის თქმით, ეს საკითხი ამოუხსნელი რჩება.
„ეს არის ამოუხსნელი. მასზე შეიძლებოდა, კატეგორიული პასუხის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზით დადგინდებოდა გენეტიკური კვალი. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ ვარიანტში კითხვები კვლავ დარჩება, მათ შორის ის კითხვაც, როგორიც არის კვალის მიზანმიმართული წაშლა და გამოძიებისთვის კვალის აბნევის მიზნით, ჩანთის მიზანმიმართულად დადებაც. ესენი არის ჯერჯერობით ვერსიის დონეზე. ამას ჩვენ ვერ დავადასტურებთ, სანამ არ გამოიკვეთება ექსპერტიზით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მედიაში ბრალდებულების საპატიმრო საკნებში დამონტაჟებული ფარული ვიდეოჩანაწერი გუშინ გავრცელდა, სადაც დაკავებული არასრულწლოვანი – ზ.ხ. თანამესაკნესთან საუბარში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გაუსწორდება.
წყარო: 1tv.ge