კახა კახიშვილი ისანში არსებულ საფეიქრო ინდუსტრიის საწარმო „მატერიას” ეწვია

„ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი ისანში არსებულ საწარმო „მატერიაში” იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია კახიშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

კახიშვილის თქმით, „მატერია” არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს, არამედ ევროპულ, ამერიკულ და აზიურ ბაზარზეც წარმატებით ოპერირებს. აღნიშნულ საწარმოში ისეთი მასშტაბური პროექტები ხორციელდება, როგორებიცაა – სპეციალური უნიფორმების შეკერვა საქართველოს ჯარისთვის, საპატრულო პოლიციისთვის, დასუფთავების სამსახურისთვის და აგრეთვე, სპორტული ტანისამოსის შეკერვა სპეციალურად „პორშესთვის”.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისანში მოქმედ საფეიქრო ინდუსტრიის საწარმო „მატერია”-ში ვიმყოფებოდი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი მაღალი სტანდარტებისა და ევროპული დონის შესაბამისი საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც მაღალი ხარისხის გარანტი ISO-ს სერთიფიკატის მქონეა და არა მხოლოდ ევროპულ და ამერიკულ, არამედ აზიურ ბაზარზეც წარმატებით მოღვაწეობს. თანამედროვე ინფრასტრუქტურის საფეიქრო ფაბრიკა 2017 წელს აშენდა. ფაბრიკას რამდენიმე ხაზი აქვს. აქ იკერება როგორც სპეციალური უნიფორმები საქართველოს ჯარისთვის, საპატრულო პოლიციისთვის, მერიის დასუფთავების სამსახურისთვის და სხვა, ასევე სპორტული ფორმები. ბოლო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც საწარმომ განახორციელა, სპეციალურად „პორშესთვის” შექმნილი სპორტული ტანისამოსია. ამასთან კომპანია აქტიურად აწარმოებს მოდის ხაზსაც, რომელსაც ქართველი დიზაინერები ქმნიან”, – აღნიშნა კახიშვილმა.

მისივე თქმით, „მატერიის” მსგავსი საწარმოებისთვის სახელმწიფოსგან ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ერთერთი წინაპირობაა.

„საწარმო სახელმწიფო პროგრამებშიც აქტიურადაა ჩართული და პროექტის „აწარმოე საქართველოში” პროგრამით არაერთხელ უსარგებლია. როგორც კომპანია „მატერიის” თანამშრომლებმა შეხვედრაზე მითხრეს, პანდემიის მიუხედავად, მათი წარმოება არ შეჩერებულა და შეკვეთებსაც აქტიურად იღებდნენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მწვანე ზონის ქვეყნების სია გამოქვეყნდა, რომელშიც ჩვენი ხელისუფლების სწორი, დროული და ადეკვატური ნაბიჯების შედეგად საქართველოც არის შესული. ასეთი წარმოება ჩვენს ქვეყანაში პერსპექტიული სფეროა. „მატერიის” მსგავსი ტიპის საწარმოების განვითარება და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ერთერთი წინაპირობაა”, – განმარტავს კახა კახიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები