პრემიერი “იმუშავე საქართველოდან” ინიციატივაზე: შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, უკვე 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

“შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაწყებული აშშ-ით და დამთავრებული სინგაპურით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ინიციატივაზე – “იმუშავე საქართველოდან” საუბრისას განაცხადა.

„იმუშავე საქართველოდან” – ეს იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ, იქედან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთერთი წარმატებული ქვეყანა ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს, 180 დღით, მინიმუმ, საქართველოდან დისტანციურად გააგრძელონ თავიანთი შრომა. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაწყებული აშშ-ით და დამთავრებული სინგაპურით და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ვავალებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიერონ ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები, რომელიც შესაძლოა, მან ქართულ ეკონომიკასა და, პირველ ყოვლისა, საქართველოს, როგორც მწვანე და ვირუსისგან სუფთა ქვეყანას, მოუტანოს,” – აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები