„გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია”: მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობა შესაძლებლობას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ განმეორებითი ძალადობა ან რაიმე მძიმე შედეგის დადგომა

„გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის“ პროგრამების ანალიტიკოსის, ლიკა სიდამონიძის განცხადებით, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება შესაძლებლობას იძლევა განმეორებითი ძალადობა, ან რაიმე სხვა, მძიმე შედეგის დადგომა თავიდან იქნას აცილებული. ამის შესახებ სიდამონიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიდამონიძე მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებას გამოეხმაურა.

„მოგეხსენებათ, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გამოცხადებულია გლობალურ პანდემიად. საქართველოც არ არის გამონაკლისი. ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ბოლო ფართომასშტაბიანი კვლევით ვანხეთ, რომ 4-დან ერთი ქალი გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლია. საქართველოში 15 000 ქალია, რომელსაც ორსულობაში განუცდია ფიზიკური ძალადობა, დაახლოებით 40 პროცენტის შემთხვევაში ეს იყო პირდაპირ მუცელში ჩარტყმის ფორმით განხორციელებული.
ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვა. დღეიდან ძალაში შედის საკაონონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახამადაც, შესაძლებელი ხდება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა განხორციელდეს. მოგეხსენებათ, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვის მიზნით ხდება შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რომელშიც მოძალადისთვის გარკვეული ვალდებულებები, შეზღუდვებია გათვალისწინებული.

ჩვენი ინიციატივით, მივმართეთ შსს-ს, რომ შემოგვეღო ელექტრონული ზედამხედველობა, როდესაც არის ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ჩვენ შევიძინეთ 100 სამაჯური, ასევე სერვერი, შესაბამისი პროგრამა. მიმდინარეობდა 112-ის თანამშრომლების გადამზადება. გაზიარებული იყო დასავლეთ ევროპის და ამერიკის გამოცდილება. ისეთ შემთხვევებში, როცა ეს მექანიზმია ამოქმედებული, იქ ძალადობის განმეორების, თუ რაიმე მძიმე შედეგის დადგომის და მსხვერპლისათვის ზიანის მიყენების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი, პრაქტიკულად, შეუძლებელია, იმდენად მაღალტექნოლოგიური სისტემაა“- განაცხადა სიდამონიძემ.

მანვე განმარტა, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა.

„სამაჯური მოძალადეს ექნება დამაგრებული , დაწესებული იქნება საგანგაშო ზონა. იმ შმეთხვევაში, თუ შემთხვევითაც კი მოხდა მსხვერპლისა და მოძალადის მიახლოება, მოძალადეს გაეგზავნება შეტყობინება, რომ მან ტერიტორია უნდა დატოვოს. მოძალადე წინასწარ იქნება გაფრთხილებული შედეგების შესახებ, რაც მოსდევს დაუმორჩილებლობას: თუ არ დატოვებს ტერიტორას, თუ დააზიანებს მოწყობილობას. ეს გამოიწვევს სისხლის სამრთლებრივ პასუხისმგებლობას. თუ მყისიერად არ მოხდება დამორჩილება, უკვე 112-ში ავტომატურად შედის შეტყობინება და ეკიპაჟი იგზავნება. მსხვერპლსაც აქვს მოწყობილობა და მასაც მისდის შეტყობინება.
ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს , თავიდან ავირიდოთ განმეორებითი ძალადობა, ან რაიმე მძიმე შედეგის დადგომა“- განაცხადა სიდამონიძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც  ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.

„ძალადობის განმეორების რისკის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების რისკის დონე, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.
ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება. აღნიშნულის შედეგად ხდება მოძალადის მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი”- აცხადებენ შსს-ში.

მათივე განმარტებით, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი  სასამართლო კონტროლს ექვემდებარება.

„პოლიციის მიერ გამოცემული ოქმი, გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”.
მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას”- აცხადებენ უწყებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები