იუბილარ ლუკაშენკოს მოსკოვში ელიან – დალევს კი ის პუტინის მიერ მირთმეულ ჩაის?

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრ ლუკაშენკოს დაბადების დღე მიულოცა – აჯანყებული ბელარუსის პრეზიდენტი 66 წლის გახდა. ასევე, თბილი სატელეფონო  მოკითხვისას პირველმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ უახლოეს კვირებში მოსკოვში შეხვედრას გამართავენ. ბუნებრივია, „ბაწკა“ რუსეთის მიწაზე ჩასვლისას იმ დიდ „ფიშტოს“ არ აიკიდებს, რომლითაც თავის  ხალხს ტელეეთერით აშინებდა.  პირიქითაც, ის ვლადიმერ პუტინის მხარზე იტირებს, მის მითითებებს მოუსმენს და მის გემრიელ ჩაისაც დაუფიქრებლად მიირთმევს. ალბათ, ფიქრობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და პუტინი მის ჩაიში „პოლონიუმს“ არ ჩაყრის, რადგან, როგორც გამოჩნდა, სწორედ კრემლი უდგას მას მხარში ბელარუსელი ხალხის წინააღმდეგ. პუტინმა ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურია, ასევე, თავად ლუკაშენკოს თხოვნით, უკვე შექმნა სპეციალური რეზერვი სამართალდამცველი ორგანოების ბაზაზე. ამ ადამიანებს იმ შემთხვევაში გაგზავნიან ბელორუსში, თუკი „სიტუაცია კონტროლიდან გავა“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრემლი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მეზობელი ქვეყნის მოქალაქეების ნება არ ასრულდეს და სამხედრო ინტერვენციისთვისაც მზად არის.

უკვე მოსალოდნელია, რომ როგორც კი რუსეთი ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს მისთვის არასახარბიელოდ მიიჩნევს,  რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევის საფრთხე გაჩნდება. საგულისხმოა, რომ ვლადიმერ პუტინმა სხვა ქვეყნები გააფრთხილა, არ ჩაერიონ ბელარუსის საქმეებში, მაგრამ თქვა, რომ რუსეთს შეუძლია, ჩაერიოს იქ არსებულ კრიზისში. ისიც ცნობილია, რომ  რუსეთის ,ФСБ-ს დირექტორის, ბორტნიკოვის პირადი თვითმფრინავი მინსკში 18 აგვისტოს ჩაფრინდა. ლუკაშენკომ რუსებს ის მებრძოლებიც („ვაგნერელები“) გადასცა, რომლებიც ბელარუსში „შემთხვევით შეფრინდნენ“. ასევე,  12 აგვისტოს სპეციალური აღჭურვილობებით ბორტზე ორი რუსული თვითმფრინავი  მინსკში დაეშვა. РТ-ის მთავარმა რედაქტორმა, ოდიოზურმა მარგარიტა სიმონიანმა კი 14 აგვისტოს შეთავაზების სახით თქვა, რომ დროა, მოსკოვმა მინსკში ,,თავაზიანი ხალხის“ მეშვეობით დაალაგოს ყველაფერი. ფაქტობრივად, კრემლის რუპორმა ხმამაღლა აღიარა ის, რასაც წლებია, მოსკოვს ბრალდებად უყენებენ და რასაც არასდროს აღიარებს.  ,,თავაზიანი ხალხი“, ანუ „მწვანე კაცუნები“ ხომ ის სამხედროები იყვნენ, რომლებიც უკანონო ოპერაციებს ყირიმში ატარებდნენ სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის დაწყების წინ 2014 წელს.

ვლადიმერ ჟირინოვსკიმ კი, რომელიც ყოველთვის დაუფარავად აჟღერებს კრემლის ფარულ სურვილებს, პირდაპირ ეთერში ფსონი დადო იმაზე, რომ ბელარუსი რუსეთს 2020 წლის ბოლომდე შეუერთდება, მისთვის ხომ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი არაფერს ნიშნავს. და რამდენიც  უნდა ვიძახოთ, რომ ჟირინოვსკი მხოლოდ ჯამბაზია და მისი სიტყვები არაფერს ნიშნავს, წლების განმავლობაში საქართველოს თუ უკრაინის მაგალითზე არაერთხელ დამტკიცდა, რომ კრემლისთვის არც საერთაშორისო შეთანხმებები, არც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში უხეში ჩარევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

მაგალითისთვის, გავიხსენოთ არა მხოლოდ „მწვანე კაცუნების“ ფარული დესანტების გადასხმა ან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსი „სამშვიდობოები“, არამედ თუნდაც 2014 წლის აგვისტოში  უკრაინის ტერიტორიაზე, ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ 200-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანისგან შემდგარი „ჰუმანიტარული კონვოის“ გაგზავნა, რაც ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა თუ საერთაშორისო ნორმის უხეში დარღვევა იყო. თითქოს და, ლუგანსკის მოსახლეობის ჰუმანიტარული კრიზისიდან გამოყვანის მოტივით განხორციელებული ეს ქმედება იმდენად აღმაშფოთებელი უკანონობა იყო, რომ „ჰუმანიტარული“ ავტოკოლონის გაყოლაზე “წითელი ჯვრის” მსოფლიო კომიტეტმაც კი უარი თქვა. ევროკავშირი მოსკოვს რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწოდებდა, უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე, რადგან ეს უკრაინის სუვერენიტეტის პირდაპირი დარღვევა იქნებოდა, მაგრამ – უშედეგოდ. როდესაც ჯერ კიდევ 2014 წელს კრემლი ასეთ რამეს ბედავდა, ვინ არის დაცული, რომ უშუალოდ ლუკაშენკოსთან შეთანხმებით ის ხვალ ბელარუსში უარეს რამეს არ გააკეთებს და „ჰუმანიტარული“ საფარიც კი აღარ დასჭირდება.

დღეს ბელარუსი ძალიან დიდი და რეალური საფრთხის წინაშე დგას. წარსულის გამოცდილება, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოსა და უკრაინას დაუგროვდა, ნებისმიერმა სხვა ერმაც უნდა გაითვალისწინოს, რომელსაც კრემლის ორბიტიდან და დაჭაობებული ყოფიდან გამოსვლა სურს. მართალია, ლუკაშენკო თავის ხალხს რუსეთის ფედერაციისკენ ექაჩება და ორი ერის გაერთიანების კონფიგურაცია რეიტინგ დავარდნილ პუტინსაც ძალიან აწყობს, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ ის ბელარუსები, რომლებმაც ხმა აიმაღლეს და ცვლილებები მოითხოვეს, ამაზე თანახმანი არ არიან. ლუკაშენკომ ისინი შეაფასა, როგორც უსაქმურები, უინტელექტო და თავმოყვარეობის არ მქონე რუხი მასა, რომელიც ყველაფერს ეგუება, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ ასე არ არის. მათთვის არ არის უმნიშვნელო საკუთარი იდენტობისა და სუვერენიტეტის ქონა.  მათ ქვეყანაში ასეთი მძლავრი პოლიტიკური კრიზისი ხომ იმან გამოიწვია, რომ, „განულებული“ პუტინის მსგავსადაც, ლუკაშენკოს სიცოცხლის ბოლომდე სურდა ქვეყნის სათავეში ყოფნა და არ მისცა მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ისევე, როგორც პუტინი, ის  ოპოზიციას პროპაგანდით, სასტიკი ძალადობით ებრძვის და  ჯილდოებით ახალისებს იმ სამართალდამცველებს, რომლებიც ყველაზე სასტიკად ექცევიან ხალხს. ის ცდილობს, გააჩუმოს მედია, უცხოელ ჟურნალისტებს კარს უკეტავს, მაგრამ ეს მეთოდები, უბრალოდ, აღარ მუშაობს. მართალია, 66 წლის ლუკაშენკო მალე მოსკოვში ჩავა და შეიძლება, მისი ბედი მართლაც პუტინმა გადაწყვიტოს, მაგრამ ბელარუსის ბედს თავად ამ ქვეყნის მოქალაქეები უკვე წყვეტენ.

სერგო დიასამიძე

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები