30 აგვისტოს დიდი ქართველი მხატვარი – ნათელა იანქოშვილი დაიბადა

დღეს საქართველოს სახალხო მხატვარს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, ნათელა იანქოშვილს (1918-2007) ვიხსენებთ, მისი დაბადებიდან 102-ე წლისთავზე.

ნათელა იანქოშვილი არაორდინარული და შეუპოვარი იყო ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც. მისთვის უცხო იყო კომპრომისი თავსმოხვეული ნორმებისა და ჩარჩოების მიმართ. სოცრეალიზმის პრინციპებით ხატვა მისთვის დიდ თავსატეხად და სატანჯველად იქცა, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მთელი ათი წლის განმავლობაში იგი წვალობდა, გულით ეწადა საკუთარი თავის პოვნა ხელოვნებაში. ბევრს მუშაობდა, მაგრამ რასაც აკეთებდა მის მუდმივ უკმარობას და უკმაყოფილებას იწვევდა. იმხანად არსებული სავალდებულო თემები, კომპოზიციები და ფერები მის მხატვრულ ხედვას ბორკავდა და ჩიხში აქცევდა. ამიტომ იყო რომ მან 1950-იან წლებში თავისი ნამუშევრების დიდი ნაწილი გაანადგურა. ამის შემდეგ მან გაცილებით მეტი სილაღე და თავისუფლება იგრძნო, რადგან იმის კეთება დაიწყო, რაც უფრო ახლობელი და ბუნებრივი იყო მისთვის. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მან კოლოსალური შრომა გასწია და უკვე 1960 წელს, პირველ პერსონალურ გამოფენაზე, საქართველოს სურათების სახელმწიფო გალერეაში 250 ტილო და გრაფიკული ნამუშევრი წარადგინა .
ამ გამოფენამ უზარმაზარი გამოხმაურება ჰპოვა, ქართველმა საზოგადოებამ იხილა და ირწმუნა ფართო შესაძლებლობების უნიჭიერესი მხატვარი, რომელმაც ახალი მშვენიერება მოიტანა და დაამკვიდრა ქართულ ხელოვნებაში. იანქოშვილმა რვა პერსონალური გამოფენა გამართა თავის სიცოცხლეში და ყველა მათგანი მხატვრის ახალი და უფრო მაღალი საფეხური იყო . იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ქართველი მხატვარი, რომელმაც ორი ათასამდე ნამუშევრი შექმნა. ნათელა იანქოშვილს არ მოჰკლებია საზოგადოების ყურდღება და აღიარება. მას სიცოცხეშივე გაუხსნეს ერთი მხატვრის მუზეუმი რუსთაველის №26 ნომერში.
იგი დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი ასი წლის საიუბილო გამოფენა 2018 წელს მოეწყო თბილისის Moma-ში. იმავე წელს იანქოშვილის 12 ნამუშევრი გამოიფინა ნიუ-იორკის ცნობილ „არტ-ფრიზზე”, მანამდე კი იგი ექსპონირებული იყო ბერლინში, ბრიუსელში, კიოლნში, მიუნხენში, სტამბოლში. 2012 წელს გამოვიდა მისი ნამუშევრების ალბომი გერმანულ და ინგლიურ ენებზე, ხოლო  2019 წელს მისადმი მიძღვნილი ბიოგრაფული ხასიათის წიგნი: „მხატვრის ცხოვრება იძულებასა და თავისუფლებას შორის”, ასევე გერმანულად და ინგლისურად (ავტორი – ბერლინის „Galerie Kornfeld”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, მამუკა ბლიაძე).
ნათელა იანქოშვილის დიდი საერთაშორისო აღირება უკვე დაწყებულია და სულ უფრო მეტი ინტერესი ჩნდება მისი პიროვნებისა და ხელოვნების მიმართ. თუკი ათი წლის წინათ მისი სახელი ინტერნეტის საძიებელში არც იხსენიებოდა, ამჟამად კი ასობით ინფორმაციას იპოვით ქართველ მხატვარზე.
იანქოშვილი არის ბრწყინვალე პორტრეტისტი და წიგნის ილუსტრატორი (მან ასზე მეტი წიგნი გააფორმა მხატვრულად).
და მაინც, იგი არის ნამდვილი ნოვატორი პეიზაჟის ხელოვნებაში, რომელიც აღაფრთოვანებს ამ ჟანრის სპეციალისტებს და მცოდნე მნახველს.
მისი გაზაფხულისა და შემოდგომის ლანდშაფტები რამდენჯერმე მოხვდა და გაიყიდა ევროპის ცნობილ არტაუქციონებზე და მასში საწყისს ფასთან შედარებით გაორმაგებული ფასი გადაიხადეს. და თუკი ახლა მასში ექვსციფრიან თანხას არ იშურებენ, ალბათ შორს არ არის ის დრო, როცა იანქოშვილის ტილოს ღირებულება შვიდციფრიანი თანხითაც შეფასდება.
ამ მხრივ იგი გაიმეორებს მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს ბედის სცენარს, რომელიც გარდაცვალებიდან ორმოცი წლის შემდეგ აღიარეს, იანქოშვილის გარდაცვალებიდან ჯერ მხოლოდ 12 წელიწადია გასული… ალბათ, მალე შევიტყობთ რომ იგი იქნება ყველაზე ძვირად გაყიდული ქართველი მხატვარი, მხოლოდ ამის შემდეგ დადგება დღის წესიგში მისი მთაწმინდაზე ამაღლების საკითხი და ეს უეჭველად მოხდება! რაც სრულიად ბუნებრივი დაგვირგვინება იქნება მხატვრის მოწამებრივი ცხოვრებისა, ვისზეც თავისუფლად შეგვიძლია გავიმეოროთ ამერიკელი პოეტისა და ფილოსოფოსის რალფ ოულდო ემერსონის (1803-1882) სიტყვები: „მხატვარმა მთლიანად უნდა შესწიროს თავი ხელოვნებას, როგორც ფუტკარი თმობს სიცოცხლეს ნესტართან ერთად”. იანქოშვილი სწორედ ამ ტიპის მოვლენაა ხელოვნებაში და ამგვარი შეწირვით დაიმკვიდრა მან უკვდავის ნიშა…
ბოლოს კი, ერთი შედარებით უცნობი ეპიზოდით მინდა დავასრულო იანქოშვილის 102 წლისთავისადმი მიძღვნილი ეს ტექსტი. პირველი ადამიანი, ვინც იანქოშვილში დიდი მხატვარი განჭვრიტა, იყო მისი ბიძა, მათე იანქოშვილი. იგი საზღვარგარეთ განსწავლული კავშირგაბმულობის სპეციალისტი იყო და შესაბამის სამინისტროში იკავებდა წამყვან თანამდებობას.
მან, უცხოეთის მუზეუმების და გალერეების კარგად მცოდნემ, ნახა რა სამხატვრო სკოლის მოწაფის სურათები, ასეთი ავტოგრაფით უძღვნა თავისი ხელნაწერი კრებული: „ამ პატარა წიგნაკს, რომელშიაც მოთავსებულია ჩემი ზოგიერთი ნაწარმოები, ვუძღვნი ჩემს ბიძაშვილის შვილს, 15 წლის ნათელა არჩილის ასულს – ამომავალ სამხატვრო ვარსკვლავს – იანქოშვილს,
სახსოვრად და ჩემს მოსახსენებლად.
1934 წლის ივნისი”.

გიორგი ლალიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები