ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ პუხაევი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო “რესი” ავრცელებს.
“დღეს მოედანზე ვიყავი. მოვუსმინე ხალხს, ზოგი მათგანი მთავრობის გადადგომას ითხოვდა. ამიტომ, მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას და მივიჩნევ, რომ ეს იქნება სწორი”, – განაცხადა პუხაევმა.
პუხაევის გადაწყვეტილება უკავშირდება ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეების საპროტესტო აქციას, რომელზეც დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევის გარდაცვალება გააპროტესტეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სეპარატისტული რესპუბლიკის მთავრობა დაითხოვა.
ცნობისთვის, ცხინვალის ციხეში 28 წლის ცხინვალელი ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს. ის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული. ჯაბიევი დღეს უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ე.წ სამხრეთ ოსეთში, ცენტრალურ მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. როგორც მათთან შესახვედრად მისულმა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, ე.წ შს მინისტრი, იგორ ნანიევი თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა და პროკურატურაში მის წინააღმდეგ საქმეც აღიძრა.