მიხეილ დაუშვილმა და ბექა ფერაძემ კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს სექტორისთვის დადგენილი რეკომენდაციები გააცნეს

ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროტოკოლები, რომლებიც საჯარო და კერძო ბაღების გახსნასთან არის დაკავშირებული, უკვე მომზადებულია და რამდენიმე დღეში, დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება.

მათივე ცნობით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სააღმზრდელო დაწესებულებებს დეტალურად გააცნო ის რეკომენდაციები, რომლებიც მათივე აქტიური ჩართულობით შემუშავდა. აღინიშნა, რომ საბოლოო პროტოკოლზე კერძო და საჯარო სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტური თანხმობაა.

სააღმზრდელო დაწესებულებები ოპერირების განახლებისთვის უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება და ისინი, შრომის ინსპექციისა და სხვადასხვა საზედამხედველო უწყებების ჩართულობით შემოწმდებიან.

შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მიზანი ბიზნესის მხარდაჭერა და სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი გახსნაა.

„ჩვენ გვესმის ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც დღეს იმ ბიზნესს აქვს, რომელიც აქამდე ჯერ კიდევ გაუხსნელი იყო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საბავშვო ბაღების, კინოთეატრების გახსნის თარიღი უკვე ცნობილია. იმედი გვაქვს, რომ ამ სექტორების გახსნა იქნება მდგრადი და წარმატებული“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისათვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, კი 1-ლი ოქტომბრიდან – საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები