არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში – მაშავერის გორაზე 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოვლინდა

ახლად აღმოჩენილი არტეფაქტების კვლევა ბოლნისის ახალ მუზეუმში გაგრძელდება.

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხატავეთში, მაშავერის გორაზე ნეოლითური პერიოდის – 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა.
27 აგვისტოს, 11:00 საათზე, ძეგლზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს მოინახულებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი – ნიკოლოზ ანთიძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი – დავით ლორთქიფანიძე.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ძვ.წ. VI ათასწლეულის ძეგლზე პირველად დადასტურდა შულავერ-შომუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი წრიული სახლების სრულიად ახალი სამშენებლო ტრადიცია. ძეგლზე ფიქსირდება ორ და სამ მწკრივა წყობით, ალიზის აგურით ნაგები წრიული სახლები, მცირე ზომის სათავსოები და ნაგებობებს შორის არსებული კედლები.
არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა ნეოლითური პერიოდისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი მასალა: თიხის ჭურჭლის ნატეხები, ძვლის, ირმის რქის, ობსიდიანის, მასიური ქვის იარაღები და სარდიონისგან დამზადებული მძივები.
აღმოჩენილი არტეფაქტები ამავე რეგიონში, ბოლნისის მუზეუმის კოლექციებს შეემატება. მუზეუმი, რომელიც ახლახან გაიხსნა რეგიონის სამეცნიერო-კვლევით ცენტს წარმოადგენს, სწორედ მუზეუმის ლაბორატორიაში გაგრძელდება აღმოჩენილი არტეფაქტების შესწავლა.
„მაშავერის გორას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი ადგილმდებარეობა. ბორცვი მდებარეობს მდინარე მაშავერის და ხრამის ხერთვისთან, რომელიც მას ჩრდილოეთით ესაზღვრება, დანარჩენი სამი მხრიდან მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რკალში, რაც იდეალურ პირობებს ქმნიდა 8 ათასი წლის წინ ნეოლითური სოფლის განვითარებისათვის. აღსანიშნავია, ისიც რომ ძეგლი 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს არუხლოსა და იმირის ძეგლებიდან, სადაც მსოფლიოში უძველესი ღვინის კვალია აღმოჩენილი.
ექსპედიციის მიერ შესწავლილ ფართობზე ჯერჯერობით არ ფიქსირდება არცერთი ცალპირა წყობით ნაგები შენობა ან ცალკეული კედელი, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ივარაუდონ, რომ საქმე გვაქვს სიახლესთან, რომელიც თავისი სამშენებლო ტრადიციით გამოარჩევს აღნიშნულ ძეგლს შულავერ-შომუთეფეს კულტურის სხვა ძეგლებისგან“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაშავერის გორაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1988 წელს ჩატარდა. ექსპედიციის მიერ (დ. გოგელიას ხელმძღვანელობით) გამოვლინდა რამდენიმე წრიული ნაგებობა და მცირე რაოდენობით არქეოლოგიური მასალა. არქეოლოგიური სამუშაოები ეროვნული მუზეუმის გუნდმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2020 წელს განაახლა. ექსპედიციას ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი ჯონი აბულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები