ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო „ასოციაცია ბროწეული” შეშფოთებას გამოთქვამს

აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია „ასოციაცია ბროწეული” ფეიბუკგვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ასოციაციის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ შ.პ.ს. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო.

ასოციაციაციაში აღნიშნულ ფაქტს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებად აფასებენ, რაც მათი თქმით, საექიმო საქმიანობისას უკიდურეს პროფესიულ გულგრილობას წარმოადგენს.

„აღნიშნულ ფაქტს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებად ვაფასებთ, რაც საექიმო საქმიანობისას უკიდურეს პროფესიულ გულგრილობას წარმოადგენს. შიდსის მკურნალობისა და მოვლის სერვისები ქვეყანაში ცენტრალიზებულია. თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში შიდსის მქონე პაციენტთათვის მკურნალობისა და მოვლის სერვისების მონოპოლისტი მიმწოდებელია. პაციენტების მკურნალობის გარეშე დატოვება, ცენტრის ხელმძღვანელობის მორალურ ღირებულებებზე მეტყველებს.

შიდსის ცენტრი არაეფექტური მენეჯმენტის გამო წლების განმავლობაში სწორედ ამგვარ უკიდურეს პირობებში გვემსახურებოდა. იმ ფონზე როდესაც მათი დონორული და სახელმწიფო დაფინანსება იდენტურია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების. ცენტრში ადამიანის ღირსების შემლახავი გარემოა. რაც არ არის განპირობებული მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემებით. სისტემატურად ირღვევა პაციენტთა კონფიდენციალობა. არასრულად ვიღებთ გლობალური ფონდისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებს. რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

შიდსის ცენტრი სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებს. რაც მათ სანდოობაზე ეჭვს აჩენს. მათი ინფორმაციით 2020 წლის მაისის თვეში აივ შიდსის გავრცელება ქვეყანაში შემდეგ მონაცემებს ეყრდნობოდა:

აივ ინფიცირებულთა სავარაუდო 9 400 შემთხვევა
გამოვლენილი 5 480 ადამიანი
მკურნალობაზე მყოფი 4597 ადამიანი
ივლისის მონაცემები რადიკალურად განსხვავდება და არაგონივრული ცვლილებებია.აივ ინფიცირებულთა

სავარაუდო 10500 შემთხვევა
გამოვლენილი 8 376 ადამიანი
მკურნალობაზე მყოფი 5 220 ადამიანი
ცენტრალიზებული ინფექციური საავადმყოფო საბჭოთა მედიცინის მემკვიდრეობაა. საერთაშორისო გამოცდილება ეფექტიანი მკურნალობის განსხვავებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს. აღსანიშნავია ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტისა და ტუბერკულიოზის პროგრამების ფარგლებში სერვისების დეცენტრალიზაციის გზით მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. გამოვლენილ აივ დადებით პირთა 16% მა საქართველოში გეოგრაფიული და სისტემური ბარიერების გამო მკურნალობა შეწყვიტა.

მივმართავთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს. პაციენტთა ჩართულობით დაიწყოს აღნიშნული პრობლემების გადაჭრისათვის სამუშაო პროცესი. ჩვენი მოთხოვნა ქვეყანაში შიდსის სერვისების დეცენტრალიზებაა. არაფერი ჩვენზე ჩვენს გარეშე! დრო, როდესაც მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები პირები იღებდნენ გადაწყვეტილებებს, წარსულია. პაციენტთა ჩართულობის გარეშე დაუშვებელია მათ ჯანმრთელობის მართვაზე გადაწყვეტილების მიღება და გადასახადების გადამხდელთა ფინანსების განკარგვა”, – აღნიშნულია „ასოციაცია ბროწეულის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები