გიორგი კამკამიძე: სავარაუდოდ, კლინიკის მმართველობას კვლავ უნდა, შენარჩუნდეს ძველი სისტემა და გაღიზიანება ამან გამოიწვია

კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორის, ინფექციონისტ გიორგი კამკამიძის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როცა ქვეყანა შემოდგომაზე ელოდება ვირუსის აქტიურ კლინიკურ შემთხვევებს, ინფექციური საავადმყოფოს გადაწყვეტილება, შეაჩეროს Covid-19-ისა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება, გაუმართლებელია.
მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, უკავშირდება სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, დაიწყოს ინფექციური სამსახურის დეცენტრალიზაცია.
„საქართველოში ინფექციური სამსახური ცენტრალიზებულია, საბჭოური სისტემა გვაქვს, ამ მხრივ. არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ თანამედროვე მიდგომით, მულტიპროფილურ კლინიკებს უნდა ჰქონდეთ ინფექციური განყოფილებები. პანდემიის ფონზე, დიდ საავადმყოფოებს სახელმწიფომ დაავალა, მოაწყონ ინფექციური განყოფილებები, თუმცა, ჯერჯერობით, ეს არ არის გაკეთებული. სავარაუდოდ, კლინიკის მმართველობას კვლავ უნდა, რომ შენარჩუნდეს ძველი სისტემა და გაღიზიანება ამან გამოიწვია. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ბოიკოტის გამოცხადება ნამდვილად გაუმართლებელია, თანაც მაშინ როცა საუნივერსიტეტო კლინიკაც რემონტის რეჟიმშია”, – განაცხადა კამკამიძემ.
მისი თქმით, ქვეყანა მხოლოდ ერთ ინფექციურ საავადმყოფოზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
„მისაღებია, შენარჩუნდეს ცალკე ინფექციური საავადმყოფო, მაგრამ აუცილებელია, დიდ კლინიკებს შეეძლოთ, განსაკუთრებით, რეანიმაციული პაციენტების მიღება. საუბარია ძირითადად მცირე, ათსაწოლიან განყოფილებაზე, რისი დავალებაც გასცა სახელმწიფომ და სწორიცაა. ახლა რის წინაშეც დავდექით, იმ სიტუაციის პირისპირ არ უნდა აღმოჩნდეს ქვეყანა, როცა მხოლოდ ერთ სტრუქტურაშია კონცენტრირებული ინფექციური სამსახური. როგორც ჩანს, ეს არ შედის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობის გეგმებში”,- თქვა ინფექციონისტმა.
გიორგი კამკამიძის აზრით, ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები, ცხადია, იმსახურებენ ახალ შენობას.
„ამისთვის, როგორც ვიცი, თანხაცაა გამოყოფილი და დროის ამბავია, თუმცა იმის გამო, რომ პროცესი ნელდება, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ბოიკოტი მიუღებელია. თანაც ეს სახელმწიფო დაწესებულებაა და არა კერძო კლინიკა, რომლის ხელმძღვანელობასაც აქვს ასე პირდაპირ გადაწყვეტილების მიღების უფლება. კერძოც რომ იყოს, მორალურად მაშინაც არაა გამართლებული და მითუმეტეს, სახელმწიფო დაწესებულება უნდა ემორჩილებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს, სრულად”,- განაცხადა გიორგი კამკამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები