„ქართული ოცნების” ლიდერები მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ასევე თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.

მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, თუმცა, მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ეტაპობრივად, მოსახლეობის ნაწილის ახალ სისტემაზე გადართვა იგეგმება.

ამ ეტაპზე სატუმბი სადგურები და რეზერვუარები შენდება, ეწყობა მაგისტრალური მილი და შიდა ქსელები, ახალი საკანალიზაციო კოლექტორი.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის – წერეთელის, საიმერლოს, ყიზილაჯლოს, დიდი და პატარა ბეგლარის მცხოვრები ჯამში 31 700-მდე ადამიანი, სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება წყალარინების სისტემას, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურა 36 ათასზე მეტ ადამიანზეა გათვლილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები