ირმა ჭკადუა: ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს, რაც სპორტსმენის იმიჯის შელახვას ემსახურება
ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა სპორტსმენის წინააღმდეგ, მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს.
ადვოკატის თქმით, ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე ორი დღით ადრე, მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.
„ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე.
დღეს მედიასაშუალებებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, რაზეც გვსურს მცირე განმარტება გავაკეთოთ:
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი ბასილაშვილის წინააღმდეგ “ბრალის დამძიმების” შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში ბასილაშვილის წინააღმდეგ ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა. რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე წაყენებული ბრალის მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.
შესაბამისად, გაურკვეველია, რას გულისხმობენ ბრალის დამძიმებაში ნელი დოროყაშვილის ადვოკატები. რაც შეეხება გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის – ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს“, – აღნიშნავს ჭკადუა.
ცნობისთვის, დღეს, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ – “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაცია გაავრცელა – “ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა”.