ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის დე ფაქტო სასამართლო პროცესი დღეს 13:00 საათზე განახლდება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართომ მღებრიშვილის საქმე გუშინ განიხილა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ერთი დღით გადადო.

აღნიშნულს “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც უდასტურებენ. უწყების განმარტებით, ე.წ. სასამართლო პროცესის შესახებ მათ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიაწოდა.
„ხვიჩა მღებრიშვილის სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს 1300 საათზე განახლდება. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზიდან მიეწოდა“, – განაცხადეს სუს-ში

წითელ ჯვარში კი ამბობენ, რომ მათ წარმომადგენლებს ამ დრომდე არ მიეცათ საშუალება ხვიჩა მღებრიშვილის მონახულების.
„სამწუხაროდ, ამ დრომდე პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილის მონახულების საშუალება არ მოგვეცა, შესაბამისად მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ვფლობთ. ჩვენი მხრიდან კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები დე ფაქტო რეჟიმთან , რათა შევძლოთ დაკავებულის მონახულება, ამავდროულად ვინარჩუნებთ მუდმივ კონტაქტს დაკავებულის ოჯახთან“, – განაცხადეს „წითელ ჯვარში“.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან დააკავეს. სეპარატისტული რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს ე.წ სასაზღვრო ზოლის უკანონოდ გადაკვეთას და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე ,,წითელ წიგნში ” შეყვანილი იშვიათი სახეობის ფრინველების მოპოვების მცდელობას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები