ზურაბ პაპასქირი “ცხინვალი 1920-ის” შესახებ: “მივესალმები ჩვენი სიმართლის ფართო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მიწოდებას

“ეს ფილმი უნდა იყოს ქართული გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომელიც რუსულ იდეოლოგიას დაუპირისპირდება“ – ასე ეხმაურება ცხინვალი 1920-ის გადაღების იდეას ისტორიკოსი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზურაბ პაპასქირი.

„ეს იყო რუსული დივერსია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ლენინის უახლოესი გარემოცვის, კერძოდ, იოსებ სტალინის – იმჟამად კრემლის ბოლშევიკური რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის, ეროვნებათა საქმეთა სახალხო კომისრის (თანამედროვე გაგებით – ეროვნული რეგიონების საქმეთა მინისტრი) – მიერ იყო პროვოცირებული. დიახ, სწორედ ქართველი სტალინი გახლდათ მშობლიური საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ცხინვალელი ოსების შეიარაღებული ამბოხის სულისჩამდგმელი და მთავარი ორგანიზატორი. ეს ის სტალინია, რომელსაც 1918-1921 წლებში არაერთხელ წაუქეზებია საჯაროდ – ოფიციალური პრესის ფურცლებიდან – საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები (აფხაზები, ოსები, სომხები და ა.შ.) „თბილისის მთავრობის შავი ბანდების“ წინააღმდეგ „გმირული ბრძოლისაკენ“ და ამ გზით ცდილობდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსათვის ძირის გამოთხრას.

ანუ ის, რაც მოხდა 1920 წელს იყო მეზობელი სახელმწიფოს მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი შეიარაღებული პუტჩი, რომლის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის ხელყოფა. პროპაგანდისტული დემაგოგია ოსი ხალხის ეროვნულ თვითგამორკვევაზე და მათ სწრაფვაზე შეექმნათ ოსური სახელმწიფო, თანაც სხვა ქვეყანაში და არა ისტორიულ სამშობლოში (აბა განა რომელიმე ოსს მაშინ თავში მოუვიდოდა, ან ოდესმე მოუვა მათი ისტორიული განსახლების არეალში – ჩრდილოეთ კავკასიაში – რუსეთისაგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა?!), სრული ფარსი და პოლიტიკური სპეკულაციაა.

რაც შეეხება საკუთრივ ყბადაღებული „გენოციდის“ თემის ინიცირებას რუსეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – ეს უბრალოდ მკრეხელობაა. 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო – მან სავსებით ლეგიტიმურად გამოიყენა სამხედრო ძალა და ჩაახშო თავგასული ავანტიურისტების და მათი გადამთიელი მოკავშირეების შეიარაღებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. ეს იყო ჩვეულებრივი სამხედრო ოპერაცია – სახელმწიფოებრივი წესრიგის აღსადგენად, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული მსხვერპლი (მით უფრო გენოციდი) არ მოჰყოლია. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ და მისმა „ჰუმანისტმა“ პრეზიდენტმა უმჯობესია თავიანთ ცოდვებს მიხედონ და ის ნამდვილი გენოციდი მოინანიოს, რომელიც მან თავისუფლებისათვის გმირულად მებრძოლ ჩეჩენ ხალხს მოუწყო.

მე მივესალმები ჩვენი ამ სიმართლის კიდევ ერთხელ მიწოდებას ფართო საზოგადოებისათვის – ამჯერად უკვე დოკუმენტური ფილმის სახით. ამასთან, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ფილმის რუსული და ინგლისურენოვანი ვერსიებიც, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას შეექმნას სწორი, მეცნიერულად არგუმენტირებული წარმოდგენა 1920 წლის ე.წ. „ოსურ ამბოხზე“ – ისტორიკოსი, ზურაბ პაპასქირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები