“ის ფაქტი რომ, ადგილობრივი საქონლის ექსპორტი იანვარ – ივლისში მხოლოდ 2 %-ითაა შემცირებული, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტატისტიკური მაჩვენებელი და ეკონომიკური გაჯანსაღების ინდიკატორია”

„დღეს გამოქვეყნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი. მათ შორის, უნდა გამოიყოს წმინდა ექსპორტის დინამიკა. ეს გარდა იმისა, რომ ადგილობრივი ექსპორტი ზემოქმედებს საგადამხდელო ბალანსზე და სავალუტო კურსზე, არის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კონტრიბუციაც, ინვესტიციებთან და მოხმარებასთან ერთად”,-ასე ეხმაურება ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე დღეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს.
მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად 2020 წლის 7 თვეში 7%-ით არის გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში (გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით). საქართველოდან მიმდინარე წლის იანვარ – ივლისში 286 მლნ დოლარზე მეტი ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რაც 19 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
​მისი განცხადებით, საქონლის ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) იანვარ – ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 2 %-ითაა შემცირებული. ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტატისტიკური მაჩვენებელი და ამავდროულად ეკონომიკური გაჯანსაღების ინდიკატორია.
„აღნიშნული სტატისტიკა სრულ თანხვედრაშია რამდენიმე დღის წინა წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Fitch reiting-ის მიერ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვებასთან, მაშინ როდესაც Fitch-მა შეამცირა არა მხოლოდ ჩვენი სარეიტინგო ჯგუფში (BB) მყოფი ქვეყნების დიდი ნაწილის, არამედ ისეთი წამყვანი და ჩვენზე გაცილებით დივერსიფიცირებული ეკონომიკის ქვეყნების დიდი ნაწილის სუვერენული რეიტინგი, როგორიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი და კანადაა”,-წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები