ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავებული ექიმების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ორგანიზებით, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დაკავებული ექიმების – ვახტანგ ყიფიანისა და მაგდა ხოჭოლავას მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია – ვახტანგ ჩიქოვანისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმება, რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტის გადახედვა და საკითხის ხელახალი შესწავლა.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის, არჩილ მორჩილაძის განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტის შემდეგი ეტაპი გაერთიანებაში მყოფი საავადმყოფოების ექიმების გაფიცვა იქნება.

,,მოთხოვნები არის იგივე რაც ბოლო შეხვედრისას დაფიქსირდა, ეს არის წინასწარი პატიმრობის გაუქმება და რეგულირების სააგენტოს მიერ საკითხის ხელახალი შესწავლა დარგობრივი ექსპერტების ჩართულობით. ბოლო შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც განიხილავს ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებს გაფიცვის მომზადების მიზნით, ეს გადაწყვეტილება ძალაშია. მსგავსი რამ საქართველოში არ ყოფილა, შესაბამისად ყველა ასოციაცია ამას უდგება პასუხისმგებლობით, რომ ყველაფერი კანონის დაცვით იყოს და ასევე არ დაზარალდნენ გადაუდებელი დახმარების მიმღები პირები”, – განმარტა არჩილ მორჩილაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას – პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათივე განცხადებით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები