“პუტინმა საქართველოს ისტორიული ჭურვი ესროლა” – ამირან სალუქვაძე პუტინისეული “ისტორიის გაკვეთილებისა” და რუსული ნარატივის შესახებ

რუსული ინტერესი ამიერკავკასიის რეგიონში სიახლე ნამდვილად არაა. არახალია ის მეთოდებიც, რომლითაც პუტინი ამ და სხვა რეგიონებში საკუთარი გავლენების გაძლიერებას ცდილობს. ჰიბრიდული ომის პირობებში, კრემლის მთავარი იარაღი დეზინფორმაცია და ისტორიის გაყალბებაა.

”პუტინმა საქართველოს ისტორიული ჭურვი ესროლა” – ასე ეხმაურება ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე დუმის მიერ 1920 წელს მომხდარი აჯანყების ჩახშობის გენოციდად წარმოჩენის მცდელობას. “როგორ მუშაობს პუტინის პროპაგანდისტული მანქანა იმ “ნაღმებზე” დაყრდნობით, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩაიდო, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს დეზინფორმაციას საქართველოზე და რას უნდა ველოდეთ მომავალში – ჩვენს კითხვებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პასუხობს.

რა ინტერესები ამოძრავებს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში და რა გზებს მიმართავს ამ რეგიონში საკუთარი გავლენების გასამყარებლად? თქვენი აზრით, რა შედეგის მიღების იმედი აქვს პუტინის ხელისუფლებას? რა როლი აქვს ამაში რუსულ პროპაგანდას და ისტორიის გაყალბებას?

კარგა ხანია, რუსეთის მმართველი საკუთარ ამბიციებს არ მალავს, რა თქმა უნდა, ამ ამბიციაში შედის კავკასიის რეგიონი და არა მარტო, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცე. ჩვენთან მიმართებაში განახორციელეს საკმაოდ მზაკვრული გეგმა, რომლის ნაწილიც იყო ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაცია. მათ აქვთ მოლოდინი, რომ მომავალში საქართველოში გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობას ამ მოცემულობიდან ააგებენ. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ახლო და არც შორეულ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდება და საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეეგუება ოკუპაციას.

ისტორიის გადაწერის პრეცენდენტები რუსეთისაგან ახალი არ არის, თუმცა, ბოლო წლებში ეს მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდა და მომდევნო წლებში სრულებით მოსალოდნელია საქართველოს ისტორიის დამახინჯების მცდელობები რუსული სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

ყველაზე მნიშვნელოვანი დეზინფორმაციისა და ყალბი ისტორიის გავრცელებაში არის ის, რომ ამ მაგალითებზე ოკუპირებულ ტერიტორიებში თაობები გაიზრდებიან, ისინი მიიღებენ მცდარ და ცალმხრივ ინფორმაციას და ჩამოუყალიბდებათ შესაბამისი დამოკიდებულებები. შესაბამისად, აშკარაა ამ ტიპის პროპაგანდასთან ბრძოლისა და აქტიური საინფორმაციო ქმედებების აუცილებლობა.

რა „ჭურვები ჩაიდო“ საქართველოში საბჭოთა პერიოდში?

უპირველეს ყოვლისა, ავტონომიური ოლქების შექმნა და სეპარატისტული მოძრაობების გაღვივება. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ყველა რესპუბლიკაში იყო ასეთი ნაღმები, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი ცდილობდა შეეკავებინა საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესი. შედეგად, ვიხილეთ უამრავი კონფლიქტი სწორედ ამ პერიოდში, რაც ერთგვარ შემაკავებელ ფაქტორად იყო ჩაფიქრებული.

ამ დრომდე ოკუპირება სერიოზულ ბერკეტად რჩება, თუმცა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ეს მაინც ვერ აისახა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულება დასავლეთისკენაა მიმართული. იმ ტიპის პოლიტიკით, რაც რუსეთის ხელისუფლების ხელწერად იქცა, შეუძლებელია დამოკიდებულებების ცვლილება. დამოკიდებულება იცვლება მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობით, რაც რუსეთის მხრიდან ვერ ვხედავთ. პირიქით, ისინი ორიენტირებულნი არიან, მოგვაყენონ მეტი ზიანი, წაგვგლიჯონ რაიმე ისე, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს.

თქვენი აზრით, რამდენად მძლავრია პუტინის პროპაგანდისტული მანქანა?

მთელი რიგი საინფორმაციო რესურსებია ჩართული ე.წ ტვინის გამორეცხვაზე, რუსეთში, ფაქტობრივად, არ აქვთ ნორმალური ტელევიზია და წვდომა ალტერნატიულ ინფორმაციაზე.

მათი უახლოესი მიზანი მათ მიერვე შექმნილი ფსევდორეალობის გამყარებაა, ორი ოკუპირებული რეგიონის ისტორიის გაყალბებით პუტინი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოსთან საერთო არ ჰქონია. აუცილებელია, არსებობდეს ერთიანი, ჩამოყალიბებული გეგმა დეოკუპაციისა, რომელიც, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში დღეს, ხვალ თუ ათი წლის შემდეგ, იქნება ერთიანი და მკაფიოდ განსაზღვრული ყველა მთავრობისათვის.

აქტიურად მუშაობს რუსული პროპაგანდა და ვრცელდება ინფორმაცია, რომ, თითქოს თუ საქართველო ამ მოცემულობით გახდება ნატოს წევრი, ეს იქნება უარის თქმა ოკუპირებულ რეგიონებზე, რაც ცალსახად მცდარია, რადგან თუ მოხდება ნატოში საქართველოს ინტეგრაცია, მოხდება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად. სავარაუდოდ, მოხდება გარკვეული დაშვება იმ პერიოდამდე, სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მხრიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი უსაფრთხოების მისაღწევად და შემდგომ სწორედ ამ საერთაშორისო ქოლგის ქვეშ დეოკუპაციაზე სამუშაოდ.

დე-ფაქტო ცხინვალი რუსეთის დუმას მიმართავს თხოვნით, აღიაროს ქართველთა მხრიდან ოსების გენოციდი, რომელიც, თითქოს 1920 წელს მოხდა. რა მიზანი ამოძრავებს სეპარატისტულ ხელისუფლებას? რის მიღწევას ცდილობს ამგვარი ნაბიჯით?

ეს აბსოლუტურად ჯდება პუტინის რიტორიკაში. თუ გახსოვთ, შარშან ჟურნალისტთან საუბრისას, როდესაც თემა საჰაერო მიმოსვლის ემბარგოს შეეხებოდა, პუტინმა ეს თემა წამოწია, რითაც გახსნა წითელი ხაზი და სეპარატისტულ ძალებს ახალი მიმართულება მისცა. რასაკვირველია, დე-ფაქტო ცხინვალის აპელირება არარსებულ გენოციდზე წახალისებულია რუსეთის მიერ და ემსახურება ერთადერთ მიზანს – კიდევ უფრო გაიმყაროს არსებული სიტუაცია. ფაქტია, აღიარების პოლიტიკა რუსეთს ჩაუვარდა, სწორედ ამიტომ ისინი ახალ მეთოდზე გადადიან და ისტორიის გაყალბებით ცდილობენ პოზიციების განმტკიცებას. ეს მეტი არაფერია თუ არა ჰიბრიდული ომი, რაც გაცილებით უარესია ვიდრე ნებისმიერი ემბარგო – პუტინმა, ფაქტობრივად, ისტორიული ჭურვი გვესროლა.

რამდენად რეალურია საფრთხე, რომ დუმა 1920 წლის აჯანყების ჩახშობის ფაქტს გენოციდად გაასაღებს? და რა საფრთხის შემცველი იქნება ეს გადაწყვეტილება საქართველოსათვის?

არამგონია, ეს პროცესი გენოციდის აღიარებით დასრულდეს, რადგან ასე მარტივი არაა ისტორიის გაყალბება. ეს უბრალოდ საჭიდაო თემაა საქართველოსთან და მიმართულია განწყობების შეცვლისა და რეპუტაციის დაზიანებისაკენ. თუმცა, ტექნოლოგიების საუკუნეში ნამდვილად არაა მარტივი ალტერნატიული ისტორიის შექმნა. ჩვენს იმიჯსა და რეპუტაციას ეს ფაქტი ვერ შელახავს – პირიქით, რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს საკუთარ რეალურ სახეს, თუ როგორი მზაკვრულია მისი დამოკიდებულება მეზობელი სახელმწიფოების მიმართ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად იმ კონფლიქტებისა, რომლებიც რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში , ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ფაქტი რაიმე ტიპის დაპირისპირებისა იმ ოსების მიმართ, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. რომელ გენოციდზეა საუბარი, მაშინ როცა ოსები საქართველოში ეთნიკური ნიშნით არასდროს იდევნებოდნენ.

ჩვენს მიწაზე ყველა პოულობს სამშობლოს – განსაკუთრებით ტოლერანტული ერი ვართ და რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა ეს ბრალდება. თუმცა ეს ახალი რუსული სამეზობლო პოლიტიკაა და როგორც პუტინი ხშირად მიანიშნებს, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში, საქართველოს ისტორია არ იქნება ერთადერთი, რომელსაც რუსეთი გააყალბებს და ხელახლა გადაწერს.

როგორც იცით, ისტორიკოსებისა და მკვლევრებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი აქტიურად მუშაობს 1920 წელს მომხდარი მოვლენის დოკუმენტურად წარმოჩენაზე. “ცხინვალი 1920” კი იქნება ფილმი, რომელიც მხოლოდ ისტორიულ სინამდვილეს ასახავს – რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის პირობებში მსგავსი პროექტის განხორციელებას?

რაც შეეხება ფილმს, ნამდვილად მისასალმებელია მსგავსი პროექტის წამოწყება და მინდა, წარმატებები ვუსურვო ჯგუფს. არა მარტო 1920 წლის მოვლენები, არამედ უამრავი ისტორიული ფაქტი გვაქვს იმის საილუსტრაციოდ, როგორი იყო რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ საუკუნეების განმავლობაში”,- ნათქვამია ინტერვიუში, რომელსაც ვებგვერდი “ცხინვალი 1920 – Tskhinvali 1920” აქვეყნებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები