“გადაუდებელი და აუცილებელია, პასუხი გავცეთ რუსულ პროპაგანდას” – ვაჟა კიკნაძე „ცხინვალი 1920“-ის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე მიიჩნევს, რომ ფილმმა – „ცხინვალი 1920“ ობიექტურად, პროფესიონალურ დონეზე უნდა გასცეს პასუხი რუსულ პროპაგანდას, რომელიც 1920 წლის მოვლენების გენოციდად წარმოჩენას ცდილობს. პროფესორის შეფასებით, ყველა სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და სიმართლე საქართველოს მხარესაა.
ვაჟა კიკნაძე მიესალმება ფილმის დოკუმენტურ ფორმატს და მიაჩნია, რომ „ცხინვალი 1920“ რუსულად და ინგლისურადაც უნდა ითარგმნოს.
„საქართველოს წინააღმდეგ ძალიან ძლიერი, კარგად ორგანიზებული და ჩამოყალიბებული აპარატი მოქმედებს. ჩვენ უზარმაზარი იმპერია გვებრძვის. ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია ჩვენი დასაბუთებული პასუხები, მით უმეტეს, ისეთი, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს ჩვენს სიმართლეს. სიმართლე კი ნამდვილად ჩვენ მხარესაა, უბრალოდ, საერთაშორისო დონეზე მისი გატანა გვიჭირს.
გასაგებია, რომ რუსეთი მთელი ამ მოვლენების გენოციდად წარმოჩენას ცდილობს, არადა, მან მთელი ჩრდილოეთ კავკასია ფიზიკურად და მორალურად გაანადგურა. უცებ კი აღმოჩნდა, რომ საქართველომ, რომელიც საკუთარ ინტერესებს იცავდა, გენოციდი მოაწყო?! ამას პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენივე პასუხისმგებლობაა, მივიტანოთ სიმართლე არა მხოლოდ ქართველებამდე, არამედ – საერთაშორისო საზოგადოებამდე.
რომელი სახელმწიფო დაუშვებდა იმას, რასაც რუსეთი ოსეთის ხელით ცდილობდა?! ცნობილია, რომ “წითელი რუსეთიდან” სოხუმშიც შემოდიოდა იარაღი და ცხინვალის რეგიონშიც. ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა, საქართველოს ზომები რომ არ მიეღო. მიმდინარეობდა მასობრივი აგიტაცია, ე.წ. სამხრეთ ოსეთი გამოცხადდა “წითელ რესპუბლიკად”, რომელიც 1920 წელს რუსეთს უნდა შეერთებოდა. ამის დაშვება როგორ შეიძლებოდა?! სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა!
ნათელია ისიც, რომ ეს კონფლიქტი რომელიმე მთავრობამ ახლა კი არ მოიგონა, არამედ მას ძალიან ღრმად აქვს ფესვები. მსგავს კონფლიქტებს ჯერ მეფის რუსეთი აღვივებდა, შემდეგ კი საბჭოთა რუსეთმა ეს ყველაფერი უმაღლეს ხარისხში აიყვანა.
ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს სამეცნიერო პოტენციალი და საჭირო საარქივო მასალებიც არსებობს, ამიტომ, გადაუდებელი და აუცილებელია, ობიექტურად, მაღალ პროფესიონალურ დონეზე გავცეთ პასუხი ჩვენი მტრის მიერ წარმოებულ პროპაგანდას. ფილმი დოკუმენტური უნდა იყოს და რუსულ, ინგლისურ ენებზე ითარგმნოს. რაც მთავარია, არაფერი გვჭირს საიმისო, რომ რაიმე მოვიფიქროთ და მოვიგონოთ. ობიექტური სიმართლე ჩვენ მხარესაა”, – აღნიშნავს პროფესორი.