“თუ ტირანებზე საუბრობს სააკაშვილი, კარგი იქნება – საკუთარ ცხოვრებას გადახედოს, საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩაუღრმავდეს” – მათიკაშვილი
“თუკი ვინმეს საქართველოში ტირანიის დამყარების სურვილი ჰქონდა, ეს მიხეილ სააკაშვილი იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, ის მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც წერია: “დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს. ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში”.
“თუკი ტირანებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, კარგი იქნება თუ საკუთარ ცხოვრებას გადახედავს, საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩაუღრმავდება.
საქართველოში თუკი ვინმეს ტირანიის ჩამოყალიბების მცდელობა ჰქონდა, ნაწილობრივ წარმატებული, იყო მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმი და ის შედეგი, რომელიც საქართველოში დაატრიალეს 2012 წლამდე.
ამის შესახებ იმუშავა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა დანაშაულების ის კასკადი, რაც ემთხვევა ტირანიის განმარტებას. ფრთხილად იყოს ტირანიის განმარტებასთან, რამე თუ ისრები მას პირადად მიუბრუნდება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.