1917 წლის 2 მარტს, ცნობილი ქართველი პოეტი მირზა (რევაზ) გელოვანი დაიბადა ის მეორე მსოფლიო ომში, ბელორუსის ტერიტორიაზე 27 წლისა დაიღუპა.
დაბადების ადგილი: სოფელი ნაქალაქარი, თიანეთის რაიონი.
1936–1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში.
მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა „ჩვენს თაობაში” და სხვა ჟურნალ-გაზეთში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. დაიღუპა სსრკ–გერმანიის ომის მიწურულს. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით.
ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,
რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.
…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.
ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის მოჰგავდი ხვითოს.
ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.
მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვს გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, –
გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.
მირზა გელოვანი
კომენტარები
კომენტარი