თერჯოლაში აგვისტოს ომის გმირის უშანგი სოფრომაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი ძევრში იმყოფებოდა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის მემორიალთან გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გმირის მამა ომარ სოფრომაძე და შვილი გიგი სოფრომაძე.

ძევრის საჯარო სკოლის დირექტორმა, პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და სტუმრებმა გაიხსენეს გმირის ბიოგრაფია, ბავშვობა, მონაკვეთები საბრძოლო ეპიზოდებიდან და თანამებრძოლთა მოგონებები.

“ამ სოფელში სამშობლოსათვის თავგანწირული ახალგაზრდა გაიზარდა. შმაგი სოფრომაძის ხანმოკლე სიცოცხლე მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. თერჯოლიდან რუსეთ-საქართველოს ომში 5 ახალგაზრდა დაიღუპა. დიდება გმირებს, მათ მაგალითზე თაობები აღიზრდებიან”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 1983 წლის 5 ივნისს თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში დაიბადა. აგვისტოს ომის დროს იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონის ტანკისტი იყო და ომში ტანკის ეკიპაჟს ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთი ბრძოლისას ცხინვალში დაჭრილი მეგობრების გამოსაყვანად შევიდა. რამდენიმე მათგანი კიდეც გამოიყვანა, მორიგი შესვლისას კი ტყვედ ჩავარდა. ქართველ ჯარისკაცს სეპარატისტები რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ. ბოლოს საქართველოს სახელმწიფო დროშაზე ფეხით შედგომა უბრძანეს, თუმცა მტრებმა მისი დაჩოქება ვერ შეძლეს და დახვრიტეს.

სიკვდილის შემდეგ უშანგი (შმაგი) სოფრომაძე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

გმირის სახელი მიენიჭა თბილისში, ისნის რაიონში ქუჩას, ასევე მის მშობლიურ სოფელ ძევრში საჯარო სკოლასა და მთავარ ქუჩას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები