სოზარ სუბარი: მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა გამოგვყვეს, დაუჯერონ ექიმებს, შტაბს, ხელისუფლებას, გაიკეთონ ტესტირება
“მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა გამოგვყვეს, დაუჯერონ ექიმებს, შტაბს, ხელისუფლებას, გაიკეთონ ტესტირება”, – ამის შესახებ რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინე რეჟიმზე საუბრისას განაცხადა.
„მინდა, გითხრათ დამატებით, რომ შტაბი შექმნილია „კოვიდის“ გავრცელების დაწყების პირველივე დღეებიდანვე. ეს დღეები და სანამ საჭირო იქნება, შტაბი იმუშავებს გაძლიერებულ რეჟიმში. მე პირადად მივდივარ დღეს და ვიქნები ადგილზე. ამ თვეების განმავლობაში დაგვიგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება, გარკვეულწილად ცუდი გამოცდილება, მაგრამ, მმართველობის თვალსაზრისით, კარგი გამოცდილება, მარნეულში, ყარაჯალაში თუ სხვადასხვა რეგიონში, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება. ეს ეხება მოსახლეობის სურსათით თუ მედიკამენტებით მომარაგებას, ასევე ავადმყოფებთან დაკავშირებული სიტუაციების მართვას, თუ პირიქით, პროდუქციის წამოღებას. როგორ უნდა ვიფუნქციონიროთ ისე, რომ ის აუცილებელი თუ სასიცოცხლო ბიზნესები, რომლებიც საჭიროა რეგიონისთვის თუ ქვეყნისთვის, არ გაჩერდეს და პარალელურად, სრულად ვაკონტროლოთ ეპიდვითარება. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ყველაფერი გაკეთდება, რომ მათი დისკომფორტი იყოს მინიმალური. პრაქტიკულად, დღეიდან გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე მესტიის მუნიციპალიტეტში. მარნეული იყო პირველი შემთხვევა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ კი არა, მთელმა მსოფლიო ისწავლა „კოვიდის“ მართვა და შესაბამისად, ამ დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად იქნება ის სტატუსებიც და მართვის სტილიც, რომელიც მესტიაში იქნება. პროდუქტის და ზოგადად მარაგებთან დაკავშირებით პრობლემა, ცხადია, არ შეიქმნება. როგორც ყოველთვის, ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ისინი იქნებიან ჩართულები. რაც შეეხება ტურისტებს, მარიამ ქვრივიშვილმა მოგახსენათ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ტურისტებისთვის დისკომფორტი იყოს მინიმალური. დისკომფორტი, ცხადია, არის, როცა ჩადიხარ დასასვენებლად და უცბად აღმოჩნდება, რომ იქ არის ეპიდემიის ახალი კერა. არ შეიძლება, ეს არ იყოს დისკომფორტი, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა იყოს მინიმალური“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
კითხვაზე, რამდენი ხნით დაწესდა კარანტინი მესტიაში, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ 28-დღიანი ვადა შეიძლება შემცირდეს, მოსახლეობის დამყოლობიდან გამომდინარე.
„ეკატერინე ტიკარაძემ გითხრათ ამაზე, რომ არსებობს გარკვეული სტანდარტები, თუმცა ბოლო პერიოდის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს სტანდარტი, რაც არის 28-დღიანი, შეიძლება, შევამციროთ იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობის დამყოლობა არის მაღალი, თუკი მოსახლეობა მოდის და იკეთებს ტესტს. განვმეორდები, ვისწავლეთ მართვა, მინიმალური დისკომფორტი უნდა შევუქმნათ მოსახლეობას და ისე გამოვიდეთ ამ ვითარებიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა გამოგვყვეს, დაუჯერონ ექიმებს, შტაბს, ხელისუფლებას, გაიკეთონ ტესტირება, ვისაც ექნება საჭიროება და, სავარაუდოდ, იქნება მთელი მოსახლეობა მესტიის მუნიციპალიტეტში. თავდაპირველად, ეს იქნება რამდენიმე სოფელი: ლენჯერი, მესტია, შეიძლება, უშგულიც, ვინაიდან მესტიაში ჩასული ადამიანი უშგულში რომ არ ჩავიდეს, შეუძლებელია, თუმცა მთლიანობაში მესტიის მთლიან მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს ტესტირებები. რაც უფრო ჩქარა დასრულდება ეს პროცესი, რაც უფრო ჩქარა აღმოვფხვრით კერას, რაც უფრო ჩქარა გამოვავლენთ ყველა კონტაქტს და ინფიცირებულს, მით მალე მოხდება კარანტინის მოხსნა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
კითხვაზე, რა საფრთხე არსებობს, რომ ეპიდაფეთქება განმეორდეს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კორონავირუსის მართვის გამოცდილება უკვე არსებობს და აფეთქების საფრთხე არ არის.
„კონტაქტების მოძიება არ მთავრდება ერთ საათში და თუნდაც 24 საათში, მაგრამ ისევ გავიმეორებ, რაც ბევრჯერ ვთქვი, ჩვენ ვისწავლეთ ვითარების მართვა და გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე ვიყავით საწყის ეტაპზე, როცა მსოფლიოში არავინ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, ასე რომ არავითარი აფეთქების საფრთხე არ იქნება. შეიძლება, იყო უკვე, ჯერ არ ვიცით. როცა კონტაქტებს დავადგენთ, შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ არის არაერთი ადამიანი, რომლებიც უკვე არიან მატარებლები. მაგრამ მოსახლეობის დამყოლობასთან ერთად, ჯგუფების სიმრავლე, რომლებიც ჩადიან, ბატონმა პაატამ მოგახსენათ, ექვსი ჯგუფი მუშაობს და ხვალიდან გაიზრდება რაოდენობა, მაქსიმალურად მალე გამოვავლენთ ყველა კონტაქტს და აღარ იქნება გავრცელების არანაირი საფრთხე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ტურისტია მესტიაში, თუმცა სასტუმროები დატვირთულია.