რა კავშირია, ბინ ზაედს, დაუდ იბრაჰიმს, დავით კეზერაშვილსა და ბეირუთის აფეთქებას შორის?
დღეს მთავრდება ლიბანში სამდღიანო გლოვა, რომელიც ლიბანის პრეზიდენტმა ბეირუთში 4 აგვისტოს პორტში მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ გამოაცხადა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის გარდაცვლილია 130 ადამიანი, დაშავებულია 4 000 პირზე მეტი, უსახლკაროდ დარჩენილია დაახლოებით 300 000 ადამიანი. 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქებამ, რომელსაც 5-ბალიანი მიწისძვრის დამანგრეველი შედეგი მოჰყვა, მთლიანად დაანგრია არა მხოლოდ პორტის, დედაქალაქის დიდი ნაწილი.
6 წლის მანძილზე შენახული ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერების უმეთვალყურეოდ დატოვებისთვის შინაპატიმრობაში არიან პორტის ის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც პასუხს აგებდნენ ტერიტორიის უსაფრთხოებაზე. წინასწარ პატიმრობაშია 17 ადამიანი, რომელიც ლიბანის პოლიციამ აფეთქებაში საეჭვო პირად სცნო.
რა მოხდა ლიბანში, დაიტვირთა თუ არა საქართველოში 6 წლის წინ ამონიუმის ნიტრატით მოლდოვის დროშით მცურავი ხომალდი და საით გასცურა ბათუმიდან გემმა “რუსოსმა“? რა კავშირია ბინ ზაედს, დაუდ იბრაჰიმს, დავით კეზერაშვილსა და ბეირუთის აფეთქებას შორის? ამ კითხვებით “კვირამ“ ვახტანგ მაისაიას მიმართა:
– მსოფლიო პოლიტიკოსთა ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ბეირუთის აფეთქების “შემთხვევითობას” და იარაღით მოვაჭრეთა მსოფლიო ტერორისტული ორგანიზაციებისკენ იშვერენ თითს. გჯერათ, რომ ბეირუთის პორტში აფეთქება შემთხვევით მოხდა?
-ეჭვს აქვს საფუძველი. მით უფრო, რომ ლიბანის პოლიციას დაკავებული ჰყავს 17 პიროვნება და მიმდინარეობს გამოძიება ტერორიზმის მუხლით. ვნახოთ რა შედეგამდე მივა ძიება, ეჭვი და კითხვა ბევრია, პასუხი, ჯერჯერობით არ ჩანს.
-თქვენ პირველი პროფესიით სამთო ინჟინერი ბრძანდებით. ამონიუმის გვარჯილას შეიძლებოდა ამ მასშტაბის აფეთქება ბუნებრივად გამოეწვია?
-თეორიულად შესაძლებელია ეს ყოფილიყო სამთო-ბიოლოგიური აფეთქება. ქიმიურ და ფიზიკურ რეაქციებს შესაძლოა, მართლაც გამოეწვია მსგავსი რამ. მთავარი ის არის, სად მიჰქონდათ საქართველოში, ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” დროს რუსთავის “აზოტში“ სრულიად ლეგალურად შეძენილი ამონიუმის გვარჯილა, რომელიც მსოფლიოში მიწის გასანოყიერებლად გამოიყენება?
-ერთი ვერსიით, საქართველოდან ტვირთი ბეირუთის გავლით მოზამბიკში უნდა ჩაეტანათ და ეჭვია, არა მიწის გასანაყოფიერებლად…
-გეთანხმებით, არა მგონია მოზამბიკში, სადაც ახლა ისლამური სახელმწიფოს დიდი ცენტრია, ვინმე მიწის განოყიერებით ყოფილიყო დაკავებული. თუმცა, იმ დროს, როდესაც საქართველოში გვარჯილა შეიძინეს, მოზამბიკი მსოფლიო ყურადღების ცენტრში, როგორც ტერორისტული ორგანიზაციების პლაცდარმი, სულად არ იყო. დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ მოზამბიკში შექმნილ სიტუაციაზე, როგორც ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ცენტრზე, რომელსაც, ფაქტობრივად, ალ ქაიდა აკონტროლებს.
-ძალზე საინტერესოა ლიბანის დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია. კლანებს შორის გადანაწილებულ ლიბანში, რომელი პოლიტიკური ძალა აკონტროლებს ბეირუთის პორტს, რომელშიც დამანგრეველი აფეთქება მოხდა?
-მკითხველმა კარგად რომ წარმოიდგინოს, ლიბანში შექმნილი დღევანდელი პოლიტიკური ვითარება, ის შეიძლება შევადაროთ საქართველოში 90-იან წლებში შექმნილ სიტუაციას, როდესაც ,,მხედრიონი“ იარაღის ბიზნესს აკონტროლე
ბდა, გვარდია-სიგარეტისას, უშიშროება კი-სასმელების კონტრაბანდას. ბეირუთის პორტს ახლა ჰესბოლათი აკონტროლებს, რომელიც შიიტური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური დაჯგუფებაა. ის დღეისათვის მმართველი პარტიაა ლიბანის პარლამენტში. კატაილის პარტია, რომელიც აგრეთვე ერთ-ერთი ძლიერი საპარლამენტო პარტიაა, ძალოვან სტრუქტურებს აკონტროლებს, უშუალოდ პორტი კი ჰეზბოლათის ხელშია. ამიტომ, თუ ეჭვი გაჩნდა, რომ აფეთქება ბუნებრივი გზით, გაუფრთხილებლობით არ მოხდა, მაშინ აფეთქებაზე პასუხისმგებლობაც ჰეზბოლათმა და კატაირმა უნდა აიღონ.
-ლიბანი ახლა მრავალი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებში მოექცა…
-დიახ, ლიბანში პირველივე წუთებში ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი და მხარი დაუჭირა ოფიციალურ ხელისუფლებას და ოდესღაც საფრანგეთის კოლონიას. აფეთქების პირველივე წუთებში ოფიციალური განცხადებები გააკეთეს, როგორც ინგლისის პრემიერმინისტრმა, ასევე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
-რაც შეეხება რუსეთს, გემი “რუსოსი” ხომ რუსი ოლიგარქის იმდროინდელ შეკვეთას ასრულებდა? შეიძლება ვისაუბროთ რუსულ კვალსა და ინტერესებზე ლიბანში?
-ასე არ მგონია. რუს ბიზნესმენს კერძო ინტერესები ჰქონდა. მან რუსთავში იყიდა ამონიუმის გვარჯილა, დატვირთა გემი, რომელიც მოზამბიკში მიჰყავდა. შემდეგ გემს შეექმნა ტექნიკური პრობლემა და ასე გაფუჭებული მიადგა ბეირუთის პორტს. იქ გემის გაკეთებაში, ტვირთის დაცლაში, დასაწყობებაში და შემდეგ გემის თავიდან დატვირთვაში საკმაოდ დიდი ფული მოსთხოვეს. რუს ბიზნესმენს აღარ უღირდა ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიტანა და ამიტომაც დატოვა 2013 წელს პორტში უპატრონოდ.
-რაც შეეხება იარაღით ვაჭრობის მსოფლიო მაგნატებს: ბინ ზაედსა და დაუდ იბრაჰიმს, რომლებსაც იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, კერზოდ კი დავით კეზერაშვილთან ჰქონდათ კავშირი, შესაძლოა, გემი “რუსოსის” რუსი ბიზნესმენი სწორედ მათ დაკვეთას ასრულებდა?
-არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. კერძოდ რა ინტერესები ჰქონდათ იარაღით მოვაჭრე კრიმინალებს ამ გემთან და ამონიუმის გვარჯილასთან, თუ ბეირუთში მიმდინარე გამოძიება ბოლომდე მივა, ალბათ, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
ია დანელია